Tuesday, August 16, 2011

წრე VS ზიმბაბვე


         

 
   როცა ეს დავწერე იანვარი იყო, ციოდა და ალბათ ამინდის გამო დეპრესიაც მქონდა,ჰოდა მინდოდა ზიმბაბვეში.მერე ზიმბაბვეში ნამყოფმა ფბ ფრენდმა მუგაბეთი შემაშინა და გადავიფიქრე.
    ჰოდა ვისაც აინტერესებს რა მინდოდა იანვარში voilà 
     
   

     სხვაგან მინდა წასვლა!ოღონდ ამ გზას მოვშორდე და თუ გინდა ზიმბაბვეში წავალ...საერთოდ ასე ამბობენ,რამე შორეულ და უცხო ქვეყანას ასახელებენ ხოლმე,თორემ ან ზიმბაბვეში ვინ მეპატიჟება...ან რას ვერჩი ზიმბაბვეს,ალბათ მშვენიერი ველური ბუნება და ამ ბუნებაში თავის ნებაზე გაზრდილი ხალხი ცხოვრობს.სხვა თუ არაფერი საინტერესო იქნება,ჩემს სავალ გზას-ამ წრეს აჯობებს მაინც...ხო, მე წრეზე ვმოძრაობ...არა,დედამიწის სიმრგვალე არაფერ შუაშია,ჩემი წრე დროსა და სივრცეში ძალიან შეზღუდულია...დრო ხელფასიდან ხელფასამდე,სივრცე კი თბილისით განისაზღვრება.
          ჰოდა,დავდივარ ამ წრეზე გარშემო ხედი სეზონის მიხედვით იცვლება,ხან ხანგრძლივწვიმებიანი გაზაფხულია,ხან მტვრიანსიცხიანი ზაფხული,ხან ნეშომპალისსუნიანი შემოდგომა და ხან კიდევ ტალახიანი, ნაცრისფერთოვლიანი ზამთარი.შემხვედრი ხალხიც იცვლება,აი მაგალითად ის წითელთმიანი ქალი სამარშუტო ტაქსის მძღოლს ჟესტების ენით რომ ეხვეწებოდა”ოღონდ გამიჩერე და რამენაირად ფეხზე დავდგებიო” ეხლა საკუთარი მანქანით მხვდება...ე.ი კარიერაში ან პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა... ან თუნდაც ის გოგო და ბიჭი შეყვარებულებისთვის არაბუნებრივად შორიშორს რომ მოჰყვებოდნენ ერთმანეთს,ეხლა ბავშვით მხვდებიან,ახლაც არ მოდიან გვერდიგვერდ,მაგრამ განსხვავება ისაა რომ ის უხერხული ბიჭის იერი ”ჯიგიტის”იერით შეიცვალა.უხერხული გოგოსი კი ”კდემამოსილი,ოჯახისთვის თავდადებული ქალის”იერით...ზოგი საერთოდ აღარ მხვდება გზაში...ან საქართველოს საზღვრებს გაცდა და წავიდა,ან სააქაოსი და ”გავიდა გაღმა”.
          რა საშინლად ნაცნობია ყველაფერი ამ გზაზე:ხე,ბუჩქი,საკანალიზაციო ჭა,მემორიალური დაფები სახლების კედლებზე თუ ფარდა შემხვედრი სახლის ფანჯარაში.არ მახსოვს ვინმემ დამაძალა ამ წრეზე სიარული თუ ჩემით გავბრიყვდი.ის კი მახსოვს რომ გზაჯვარედინზე არ ვმდგარვარ,არ შემხვედრია გზაჯვარედინზე დადებული ქვა ,რომელსაც როგორც ზღაპრებში ეწერებოდა თითოეული გზის საბოლოო დანიშნულების წერტილი.თუნდაც ასეთი”მარცხნივ წახვალ მოკვდები”, ”მარჯვნივ წახვალ გარდაიცვლები” ”პირდაპირ წახვალ დაიღუპები”...თუნდაც სასურველი სიკვდილის არჩევანით.ალბათ პირველი ეს გზა შემხვდა...ხრიოკი და წრიული ..და დაიწყო,ახალ გზაზე გადასვლის იმედით პირველ რამდენიმე წრეს არაუშავდა,ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი...ეხლა კი ,მოჯადოებულივით მივყვები ისევ ამ წრეს,არა რა მოჯადოებულივით?!ჯადოების ხომ არ მჯერა!უბრალოდ სიზარმაცის გამო შეჩვეული ჭირის მიტოვებას და შეუჩვეველი ლხინის მოძებნას ვერ ვახერხებ.გამოსავალი ერთია -ქარიშხალი უნდა ამოვარდეს,გზა დამებნეს და იქნებ სხვა გზაზე აღმოვჩნდე,ან დიდი ბრაზიანი ძაღლი გამომეკიდოს შეშინებულმა მაინც გადავუხვიო ამ წრიდან.არა რა...გამოსავლის ძებნაშიც რა ზარმაცი ვარ,აქაც სხვის იმედზე ვარ...მაგრამ რადგან ამდენს ვხვდები იქნებ ვიპოვე უკვე გამოსავალი...

No comments: