Friday, March 23, 2012

L'arbre qui cache la forêt...ხე რომელიც ტყის დანახვაში გვიშლის ხელს...

მულტფილმი "სიზმარა" გახსოვთ?!ცუდი სიზმრებით გატანჯული მეფე?!მთელი სამეფო კარის სადარდებელი და საზრუნავი მეფის ღამეული კოშმარები იყო.მხოლოდ რამდენიმე წამით მოიცლიდა მეფე,გადახედავდა "დამნაშავეთა" სიას და დაუფიქრებლად  ყველას საკადრისს მიუზღავდა:"ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!"...
რატომრაც ამ ბოლო დროს ეს ფრაზა მახსენდება ხშირად.ასე სხაპასხუპით ვაწებებთ ადამიანებს სახელებს,განაჩენიც ასე სხაპასხუპით გამოგვაქვს.
ის მოღალატეა!
ეს მესიაა!
ის  გარყვნილია!
ეს ღმერთია!
ის ბრძენია!
ეს შტერია!
ის ჯანდაბაა და ეს ოხრობაა!
დაუფიქრებლად ,ვირთხებით გაწამებული მეფესავით ზოგს სიკვდილს ვუსჯით,ზოგს დაცინვას,ზოგს ვწყევლით და ზოგს კიდევ ღმერთობისთვის ვიმეტებთ.
ჰოდა ამიტომ მუდამ ვირთხები გვესიზმრება,არ გვშველის არც სიზმარასთვის წართმეული სიზმრები,არც გარშემომყოფებისთვის ჩვენი უბედურების გადაბრალება.
როგორც ფრანგული ანდაზა ამბობს ტყის დანახვაში ხე გვიშლის ხელს,ჩვენ გვინდა დავინახოთ ტყე/საზოგადოება, ამიტომ დაუნდობლად ვწირავთ ხეს/ადამიანს.
ისე რა ადვილი იქნება ,როგორ დავისვენებთ და დავმშვიდდებით,ერთი წუთით რომ შევეშვათ ტყის ძებნას,ჩამოვაშოროთ ადამიანს ყველა წინასწარ მოფიქრებულ-მიწებებული სახელი,გავაუქმოთ ჩვენგან და სხვისგან  მინიჭებული განაჩენი და დავინახოთ,მოვუსმინოთ,ვიურთიერთოთ ადამიანთან ...

მერე ტყესაც დავინახავთ,მრავალფეროვან ტყეს...

No comments: