Wednesday, September 28, 2011

ტკივილის დოზა


   მე ტელევიზორომანი ვარ,იმისდა მიუხედავად მძინავს,მღვიძავს,ვჭამ,ვკითხულობ,ცივა თუ ცხელა ტელევიზორი მუდამ ჩართულია.შეიძლება ყურადღებით არ ვანებივრებ ,მაგრამ არც მოდუნების საშუალებას ვაძლევ და ისიც ჯერჯერობით უდტვრინველად განაგრძობს თავის არსებობას...
    ჰოდა ჩვენი თანაცხოვრების ერთ ჩვეულებრივ დღეს,უფრო სწორად ერთ ჩვეულებრივ დილას ამ „ჯადოსნურ ყუთში“ დილის გადაცემის წამყვანები გამოჩნდნენ,მხიარულად ჟღურტულებდნენ ამინდზე,ზოდიაქოზე,სპორტზე,პატარებს ანიმაციური ფილმიც აჩვენეს...დროდადრო კი მხიარულ ჟღურტულს სევდიანი ხმა გამოერეოდა ,რომელიც მამცნობდა რომ დღეს 27 სექტემბერი იყო და 18წელი გავიდა რაც სოხუმი დაეცა.წამყვანების უმრავლესობა 25 წლამდე იქნებოდა,არც ერთი არ იყო აფხაზეთიდან(ნუ,მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა), რომ აფხაზეთი ბავშვობის მოგონებებში მაინც დარჩენოდათ.ასეთივე მჭვუნვარე სახით მოიწვიეს მომღერალი ქალი, რომელმაც აფხაზეთზე სიმღერა შეასრულა...სიმღერით დაკოცნა მიწა,ზღვა თუ პალმა....იქაური სურნელიც არ დაივიწყა...სამაგიეროდ აფხაზი ხალხი არ გახსენებია,არც მას და არც წამყვანებს.ან რა გასახსენებლები იყვნენ, მათ ხომ ჩვენი მიწა-წყალიდან გამოგვყარეს,ბიჭები დაგვიხოცეს და ეხლა ჩვენ ზღვაში რუსებს აჭყუმპალავებენ.ეს დილის გადაცემაც თავის წინამორბედებს გავდა...
     18 წელია ვიხსენებთ პალმებს,ზღვის კენჭებს და სანატორიუმებს,ჯერ რუსებს ვთხოვდით მათ დაბრუნებას,მერე ამერიკას, ბოლოს იმედგადაწურულებმა ღმერთს შევღაღადეთ „ჩემი ზღვა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“ -ო.
     ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი -ყველაფერი გვახსენდება და ყველაფერი გვენანება, აფხაზი ხალხის გარდა.იმ ხალხის გარდა,რომელიც ჩვენსავით წამოეგო უპასუხისმგებლო და ბოროტი მთავრობების პროვოკაციას,რომელმაც თავის საერთო რაოდენობასთან შედარებით არანაკლები ადამიანი დაკარგა ,ვიდრე ჩვენ.არანაკლებად გაუბედურდა.
    მე აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი,არდედეგებს ბებიასთან სამეგრელოში ვატარებდი.
აფხაზეთის ომიც, ჩემთვის აფხაზეთიდან გამოქცეულ ჩემს სახლში თავშეფარებულ ნათესავებთან  და ტელევიზორში ნანახ,თოვლიან უღელტეხილზე ,შვილის გვამთან მოტირალ კაცთან ასოცირდება.
    როგორც ყველა ომში, ამ ომშიც ადამიანის სიცოცხლე იყო  ყველაზე იაფი -აქეთაც და იქითაც.
    სიცოცხლე და ღირსება...
    სამაგიეროდ ძვირად ფასობდა სპილოსძვლის როიალი და „მადონას“ სერვიზი.
    როცა ეს შენგან შორს ,სხვაგან ხდება ადვილია იცინო და იქილიკო,“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“-ს ამბავში.მაგრამ როცა ხიდს აქეთ დაცემის და დამარცხების დღეს აღნიშნავენ ხიდს იქით კი გამარჯვებისას,როცა ამჩნევ რომ ორივე მხარეს მოტყუებული და დამცირებული ხალხი დგას ქილიკის ხალისი გეკარგება.
    ხალხს რომელსაც ბრძენად მოაქვს თავი და ქრისტესმიმდევრად, არ უნდა უჭირდეს შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა.მაგრამ ფარსია ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ანგარებიანი ერი ვართ,მივხვდით რა სიმდიდრე ვკარგავდით და ამიტომ გადავირიეთ...
     იქ მაცხოვრებელი აფხაზი ხალხი კი არა, ეთნიკურად ქართველები არ გვადარდებდა.სხვების დასანახავად ვითომ ვუვლით და ვეფერებით და თბილ საწოლს ვუშლით,როგორც ობოლ ბავშვს რომელიც „კეთილმა"
ოჯახმა შეიფარა და როცა უცხო თვალი  ვერ ხედავს კარგადაც ტყიპავენ და გომურშიც აძინებენ.
    მე არ მტკივა და არ მენატრება ეს „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“არც თქვენ არ გტკივათ,აფერისტობთ, ისევე როგორც ბავშვობაში სკოლაში არწასვლის გულისთვის ტკივილს იმიზეზებდით.ის ბავშვური უწყინარი ტყუილი იყო ეს კი ფარისევლობაა...შეუძლებელია „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“გიყვარდეს ადამიანის გარეშე...
    სულაც არ ვაპირებდი რამის დაწერას,მაგრამ ამაზრზენია ეს დადგმული ჭმუნვა და გლოვა...პარაკლისები,მსვლელობები  და ხსოვნის საღამოები...ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო თორემ იმქვეყნად, იქაურობის გამგებელი მიხედავს.
    ჰოდა კიდევ, პარლამენტის სხდომა რომელიც სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა...“ურაპატრიოტების“მიერ ერთმანეთის ცემა-ტყეპით გაგრძელდა.
    ალბათ აფხაზეთის ტკივილი გაუნელდათ და დოზა დაამატეს....