Friday, March 23, 2012

L'arbre qui cache la forêt...ხე რომელიც ტყის დანახვაში გვიშლის ხელს...

მულტფილმი "სიზმარა" გახსოვთ?!ცუდი სიზმრებით გატანჯული მეფე?!მთელი სამეფო კარის სადარდებელი და საზრუნავი მეფის ღამეული კოშმარები იყო.მხოლოდ რამდენიმე წამით მოიცლიდა მეფე,გადახედავდა "დამნაშავეთა" სიას და დაუფიქრებლად  ყველას საკადრისს მიუზღავდა:"ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა!"...
რატომრაც ამ ბოლო დროს ეს ფრაზა მახსენდება ხშირად.ასე სხაპასხუპით ვაწებებთ ადამიანებს სახელებს,განაჩენიც ასე სხაპასხუპით გამოგვაქვს.
ის მოღალატეა!
ეს მესიაა!
ის  გარყვნილია!
ეს ღმერთია!
ის ბრძენია!
ეს შტერია!
ის ჯანდაბაა და ეს ოხრობაა!
დაუფიქრებლად ,ვირთხებით გაწამებული მეფესავით ზოგს სიკვდილს ვუსჯით,ზოგს დაცინვას,ზოგს ვწყევლით და ზოგს კიდევ ღმერთობისთვის ვიმეტებთ.
ჰოდა ამიტომ მუდამ ვირთხები გვესიზმრება,არ გვშველის არც სიზმარასთვის წართმეული სიზმრები,არც გარშემომყოფებისთვის ჩვენი უბედურების გადაბრალება.
როგორც ფრანგული ანდაზა ამბობს ტყის დანახვაში ხე გვიშლის ხელს,ჩვენ გვინდა დავინახოთ ტყე/საზოგადოება, ამიტომ დაუნდობლად ვწირავთ ხეს/ადამიანს.
ისე რა ადვილი იქნება ,როგორ დავისვენებთ და დავმშვიდდებით,ერთი წუთით რომ შევეშვათ ტყის ძებნას,ჩამოვაშოროთ ადამიანს ყველა წინასწარ მოფიქრებულ-მიწებებული სახელი,გავაუქმოთ ჩვენგან და სხვისგან  მინიჭებული განაჩენი და დავინახოთ,მოვუსმინოთ,ვიურთიერთოთ ადამიანთან ...

მერე ტყესაც დავინახავთ,მრავალფეროვან ტყეს...

Friday, January 20, 2012

ფრაგმენტი

რა მოხდა მერე?! აეტირა.
პრეზიდენტის წასვლის მერე მთელი საღამო ხუმრობით იხსენებდნენ თანამშრომლები ამ ამბავს.
“შენ რა გულჩვილი ყოფილხარ ქალო?!”….
“როგორ გყვარებია,ცოდნოდა მთლად უფროსად დაგნიშნავდა აქ,მარა რა იცი?! იქნება აწი დაგნიშნოს.” …
მის დანახვაზე ღიმილი ადგებოდა სახეზე,ზოგს გულწრფელი,ზოგს ცინიკური…დღის ბოლოსკენ ყველა ასეთი ღიმილი უკვე შემაწუხებელი გახდა და ახალი მომღიმარი სახის დანახვაზე ახლად განიცდიდა უხერხულობას…
რამ აატირა?!ამ მომღიმარმა ხალხმა არ იცოდა ამ ტირილამდე რა იყო       რამდენი გათენებულიღამე, წნევის წამალი  და დილით მაგიდაზე  დახვედრებული სამსახურიდან  გათავისუფლების  განცხადების  მოლოდინი…
რამდენჯერ დააწყო აზრები როგორ აეხსნა შვილიშვილისთვის სამსახურიდან თუ გაათავისუფლებდნენ,ის ისეთია ვერ მოატყუებ,მიხვდება რომ ბებია ალბათ კარგი ექიმი არ იყო და მაგიტომ გაუშვეს,მერე ამის მიწოდებულ თერმომეტრსაც აღარ ჩაიდებს,წამლის დალევაზე და ნემსის გაკეთებაზე ფიქრიც ზედმეტია.
ასე გავიდა მთელი ერთი თვე…გახსნის წინა დღესაც რომ არ დახვდა განცხადება მაგიდაზე,ცოტა მოეშვა…მეორე დღეს დილით რომ მივიდა და კვლავ არ დახვდა მაგიდაზე ფურცელი იეჭვა, რომ გადარჩა…მის დანახვაზე კი საბოლოოდ მიხვდა რომ თათულისთვის ისევ “ექიმი ბებოდ” დარჩებოდა და ატირდა…ზუსტად მაგ დროს შეამჩნიეს თანამშრომლებმაც და პრეზიდენტმაც…რატომ ტირიხართო?-შეეკითხნენ და მის მაგივრად თანამშრომელმა უპასუხა,აქამდე დაჩაგრულები ვიყავით და ეხლა სიხარულით აეტირაო…შეიძლება ესეც იყო, მაგრამ მთავარი “ექიმი ბებოობა “იყო…

ამბავი კაენისა


ყველაფერი დაიწყო ასე თუ დამთავრდა ასე,შეიძლება არც დაწყებულა და არც დამთავრებულა ახლაც ასეა და გრძელდება ასე….
ჯერ იყო ის…. ვისაც არ უნდოდა ,რომ ბოროტი ყოფილიყო,მაგრამ არ მისცეს საშუალება ყოფილიყო კეთილი…მას- მიწით ხელებდათხვრილს და ბალახის სუნიანს მუდამ ადარებდნენ ძმას, რომლის თმებიც რძის სურნელით იყო გაჯერებული…მერე დრო დადგა ვიღაც უნდა გაეწირათ და ის გაწირეს…უმოწყალოდ მოარგეს ბოროტის როლი.არავინ შეწინააღმდეგებია “მას”.მამას ძველი დანაშაულის გრძნობა სდევდა თან და იმ დროის ნოსტალგია გულს უწურავდა,როცა მარტო იყო…დედას კი ჯერ კიდევ ვაშლის ალერგია სტანჯავდა…
შეძახილმა ყველა ხე გაახმო ,ვაშლის ხის გარდა და ისიც გახდა მკვლელი-ძმის მკვლელი.ძმის სისხლი ცას შესწვდა,ცაზე კარი ღია დახვდა .ის კარი,რომელიც მისთვის არა და არ გაიღო…შეძახილმა ყველა ხე გაახმო… მას არ მისცეს უფლება ყოფილიყო კეთილი…

Friday, November 4, 2011

მე,საქართველო და სემანტიკის ლექცია


მოდი შორიდან დავიწყებ… ბავშვობიდან…ჩემმა ბავშვობამ ძირითადად იმ წლებში ჩაიარა,როცა ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი იყო,ბუნდოვნად მისი წინამორბედიც მახსოვს ოღონდ ფრაგმენტულად,მახსოვს ჩემი ახლობლების აღტაცებული სახეები და საუბარი, რომ საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ,მერე მახსოვს ტელევიზორი რომლიდანაც ვიღაც ულვაშებიანი კაცი მოლანდების სახით მოსვლას გვპირდებოდა.მერე  საუბარი :”ომი დაიწყოო”…
მერე სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი .მერე როგორც ვთქვი ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი კაცი გახდა.მერე აფხაზეთიდან გამოყრილი ჩემი იმ დრომდე უცნობი ნათესავები ჩემ სახლში…ისევ სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი…ჩემი კლასელები და სკოლის წლები-შავ ფონზე აწყობილი ფერადი აპლიკაცია…
სკოლის ბოლო წლები …საუბრები, რომ პატრონის და ფულის გარეშე მაინც ვერ ჩააბარებ და  ჯობია რაიმე ხელობა ისწავლო(ჭრა-კერვა,პარიკმახერობა)…მე-მაინც ვცდი. მერე ჩემი ნაცნობებისთვის სასწაული და ჩემთვის ჩემი სიჯიუტე-სიბეჯითის შედეგი-უნივერსიტეტი და უფასო სწავლა.
მერე იმედი რომ ჩვენც შეგვიძლია ადამიანურად ვიცხოვროთ,მშვიდად ,სროლების გარეშე,ვაკეთოთ საქმე რომლის კეთებაც გვსიამოვნებს და რომელიც უზრუნველგვყოფს.აზრი- რომ ბაბუს არ უნდა ჩვენი ადამიანური ცხოვრება.ჩვენი ლექტორის ნათქვამი, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და როცა გარეთ ჩვენი მომავლის ამბავი წყდება სემანტიკაზე ლექციის წაკითხვა და მოსმენა ჩვენი თავის უპატივცემულობაა…მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში….ერთი…ორი…სამი…ნოემბრის ბევრი დღე.მერე ახლგაზრდა პრეზიდენტი და ჩემი ახლობლების ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრების მსგავსი საუბრები უკვე ჩვენს შორის რომ “საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ”
მერე… უკვე სანთლები აღარ ,არც დანგრეული გზები და აღარც სროლა და ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები, ანუ  ბნელ დანგრეულ ქუჩაზე   ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძა  ვეღარ ისროდა.ქუჩა განათდა,გზა დაიგო და ბიძა ციხეში აღმოჩნდა.
მაშხალა აგინთიათ?როცა ანთია და აღტაცებით შესცქერიხარ ,რა ლამაზია!მერე აღტაცება გადაგივლის და აღმოაჩენ რომ მაშხალის წვას ცუდი სუნი ქონია….დაახლოებით ის შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ რომ  ამ განათებულ,ლამაზ გზებზე მონები დადიან,მონები რომელთაც ადამიანური ცხოვრების ეშინიათ,რომელთაც  ყოველივე ამას აყვედრიან და აიძულებენ ყველაფერი ბაბუსდროინდელს შეადაროს.საბრალო სანახავია მდიდრულად მორთული მონა…
იმედგაცრუება საშინელი რამეა,მე კი არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს, იმ ქვეყანაში რომლის ბედნიერი მომავლის იმედით სემანტიკის ლექციენი ვაცდინე და როგორც ამბობენ ქუჩაში ვიდექი წვიმაში და ქარში, არ მინდა მონად ვიქცე,არ მინდა მეშინოდეს ვთქვა ჩემი აზრი ,არ მინდა საპატივცემულო სტუმრის თვალის გასახარად ავტობუსით მიყვანილი მასა ვიყო,არ მინდა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის სანაცვლო 24-საათი განათებული სახლი.არ მინდა სხვა რელიგიის ადამიანების ჯიბრზე აშენებული ეკლესიები და ეკლესიებთან მშიერი ბავშვები.არ მინდა სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე დაცული ჩემი უფლება.არ მინდა ცემით მოკლული პატიმრის ხარჯზე დაუკეტავად დატოვებული ავტომანქანა.არ მინდა სისხლგადარეცხილ რუსთაველზე ჩავლილი ჯერისკაცებით იმის ჩვენება რომ დაცული ვარ,არ მინდა ყოველ გაზაფხულ-შემოდგომაზე “წადი”"მოდი”"გვიშველე”"გაუმარჯოს” ძახილი.
მე ადამიანი ვარ და სხვა ადამიანებთან ერთად თანასწორად,ადამიანურად,ადამიანური კანონებით ცხოვრება მინდა.მე “ედემში” და ზეციურ საქართველოში ცხოვრება  არ ვითხოვ.რეალურ საქართველოში მინდა ცხოვრება რომელიც არც სხვაზე ლამაზია და არც სხვაზე მაგარი,თავისებურად ლამაზია დ თავისებურად მაგარი…თავისებური”ჩაკრულო” აქვს,თავისებური სვანური კოშკები,თავისებური დამწერლობა და თავისებური ალაზნის ველი.
მინდა რომ აქ მეც ბედნიერი ვიყო,ჩემი ოსი მეზობელიც,ჩემი გეი ნაცნობიც და ჩემი იაჰოვას მოწმე ნათესავიც.

იმედგაცრუება ცუდი რამეა,საშინლად ტკენს გულს ადამიანს,ჩემს იმედს კი უკვე ეჭვის ჭია ყავს შეჩენილი…იქნებ ჯობდა სემანტიკის ლექციაზე დავრჩენილიყავი…

Wednesday, September 28, 2011

ტკივილის დოზა


   მე ტელევიზორომანი ვარ,იმისდა მიუხედავად მძინავს,მღვიძავს,ვჭამ,ვკითხულობ,ცივა თუ ცხელა ტელევიზორი მუდამ ჩართულია.შეიძლება ყურადღებით არ ვანებივრებ ,მაგრამ არც მოდუნების საშუალებას ვაძლევ და ისიც ჯერჯერობით უდტვრინველად განაგრძობს თავის არსებობას...
    ჰოდა ჩვენი თანაცხოვრების ერთ ჩვეულებრივ დღეს,უფრო სწორად ერთ ჩვეულებრივ დილას ამ „ჯადოსნურ ყუთში“ დილის გადაცემის წამყვანები გამოჩნდნენ,მხიარულად ჟღურტულებდნენ ამინდზე,ზოდიაქოზე,სპორტზე,პატარებს ანიმაციური ფილმიც აჩვენეს...დროდადრო კი მხიარულ ჟღურტულს სევდიანი ხმა გამოერეოდა ,რომელიც მამცნობდა რომ დღეს 27 სექტემბერი იყო და 18წელი გავიდა რაც სოხუმი დაეცა.წამყვანების უმრავლესობა 25 წლამდე იქნებოდა,არც ერთი არ იყო აფხაზეთიდან(ნუ,მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა), რომ აფხაზეთი ბავშვობის მოგონებებში მაინც დარჩენოდათ.ასეთივე მჭვუნვარე სახით მოიწვიეს მომღერალი ქალი, რომელმაც აფხაზეთზე სიმღერა შეასრულა...სიმღერით დაკოცნა მიწა,ზღვა თუ პალმა....იქაური სურნელიც არ დაივიწყა...სამაგიეროდ აფხაზი ხალხი არ გახსენებია,არც მას და არც წამყვანებს.ან რა გასახსენებლები იყვნენ, მათ ხომ ჩვენი მიწა-წყალიდან გამოგვყარეს,ბიჭები დაგვიხოცეს და ეხლა ჩვენ ზღვაში რუსებს აჭყუმპალავებენ.ეს დილის გადაცემაც თავის წინამორბედებს გავდა...
     18 წელია ვიხსენებთ პალმებს,ზღვის კენჭებს და სანატორიუმებს,ჯერ რუსებს ვთხოვდით მათ დაბრუნებას,მერე ამერიკას, ბოლოს იმედგადაწურულებმა ღმერთს შევღაღადეთ „ჩემი ზღვა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“ -ო.
     ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი -ყველაფერი გვახსენდება და ყველაფერი გვენანება, აფხაზი ხალხის გარდა.იმ ხალხის გარდა,რომელიც ჩვენსავით წამოეგო უპასუხისმგებლო და ბოროტი მთავრობების პროვოკაციას,რომელმაც თავის საერთო რაოდენობასთან შედარებით არანაკლები ადამიანი დაკარგა ,ვიდრე ჩვენ.არანაკლებად გაუბედურდა.
    მე აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი,არდედეგებს ბებიასთან სამეგრელოში ვატარებდი.
აფხაზეთის ომიც, ჩემთვის აფხაზეთიდან გამოქცეულ ჩემს სახლში თავშეფარებულ ნათესავებთან  და ტელევიზორში ნანახ,თოვლიან უღელტეხილზე ,შვილის გვამთან მოტირალ კაცთან ასოცირდება.
    როგორც ყველა ომში, ამ ომშიც ადამიანის სიცოცხლე იყო  ყველაზე იაფი -აქეთაც და იქითაც.
    სიცოცხლე და ღირსება...
    სამაგიეროდ ძვირად ფასობდა სპილოსძვლის როიალი და „მადონას“ სერვიზი.
    როცა ეს შენგან შორს ,სხვაგან ხდება ადვილია იცინო და იქილიკო,“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“-ს ამბავში.მაგრამ როცა ხიდს აქეთ დაცემის და დამარცხების დღეს აღნიშნავენ ხიდს იქით კი გამარჯვებისას,როცა ამჩნევ რომ ორივე მხარეს მოტყუებული და დამცირებული ხალხი დგას ქილიკის ხალისი გეკარგება.
    ხალხს რომელსაც ბრძენად მოაქვს თავი და ქრისტესმიმდევრად, არ უნდა უჭირდეს შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა.მაგრამ ფარსია ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ანგარებიანი ერი ვართ,მივხვდით რა სიმდიდრე ვკარგავდით და ამიტომ გადავირიეთ...
     იქ მაცხოვრებელი აფხაზი ხალხი კი არა, ეთნიკურად ქართველები არ გვადარდებდა.სხვების დასანახავად ვითომ ვუვლით და ვეფერებით და თბილ საწოლს ვუშლით,როგორც ობოლ ბავშვს რომელიც „კეთილმა"
ოჯახმა შეიფარა და როცა უცხო თვალი  ვერ ხედავს კარგადაც ტყიპავენ და გომურშიც აძინებენ.
    მე არ მტკივა და არ მენატრება ეს „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“არც თქვენ არ გტკივათ,აფერისტობთ, ისევე როგორც ბავშვობაში სკოლაში არწასვლის გულისთვის ტკივილს იმიზეზებდით.ის ბავშვური უწყინარი ტყუილი იყო ეს კი ფარისევლობაა...შეუძლებელია „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“გიყვარდეს ადამიანის გარეშე...
    სულაც არ ვაპირებდი რამის დაწერას,მაგრამ ამაზრზენია ეს დადგმული ჭმუნვა და გლოვა...პარაკლისები,მსვლელობები  და ხსოვნის საღამოები...ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო თორემ იმქვეყნად, იქაურობის გამგებელი მიხედავს.
    ჰოდა კიდევ, პარლამენტის სხდომა რომელიც სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა...“ურაპატრიოტების“მიერ ერთმანეთის ცემა-ტყეპით გაგრძელდა.
    ალბათ აფხაზეთის ტკივილი გაუნელდათ და დოზა დაამატეს....

Thursday, August 18, 2011

ცოცვა ტვინებზე

         ცხოვრების და შემოქმედების გარკვევა ძნელი საქმეა,განსაკუთრებით მაშინ,როცა საზოგადოებას ისტორიის გარდამავალ,კრიზისულ პერიოდებში უწევს ცხოვრება.ამ დროისთვის ძველი გზა დამთავრებულია და ახალიც არ ჩანს.
        შემოქმედ ადამიანს გაუკვალავ გზაზე უწევს სიარული,სადაც წინაღობა და წინააღმდეგობა გაცილებიტ მეტია.მეტია ცდუნებაც,რომ არ გაყვეს ცრუ მეგზურს.
         საზღვარი ორ ეპოქას შორის ოც წელზე მეტია გაივლო,მაგრამ გზის დასასრულთან ყოფნამ დიდხანს მოგვიწია.ჩვენს წინა თაობავ ვერ გაბედა ნაბიჯი გადაედგა გაუკვალავი გზისკენ,როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს „დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას,რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩვენ ბაბუებად გვეკუთვნიან.ჩვენი მამები კი...ისინი გასუქდნენ,პარლამენტში დასხდნენ და ვერ მოიცალეს ხელოვნებისთვის.“        თანამედროვე ქართული ხელოვნება ბევრი რამით გავს თანამედროვე ქართულ ყოფას,აქ მრავლად არიან ცრუ მეგზურებს გაყოლილი „პარლამენტარი“მამის შვილები და ცოტა მაგრამ მაინც არიანგაუკვალავ გზაზე დამდგარი „თავზეხელაღებულები“.
       შემოქმედებაც შემოქმედს ჰგავს.შესაბამისად ბევრია მსუყე,ცხიმიანი,თბილ ოთახებში შექმნილი „შედევრები“ და ცოტაა ურჩი შემოქმედება,რომლის მიზანიც ავტორიტეტების გამოწვევაა,რომელსაც სძულს ყოველგვარი „ფსევდო“ ღირებულებები.რომლისთვისაც მამების თაობის პატრიოტიზმი საქილიკო თემაა, რადგან ახსოვთ ჩახუტებით დაწყებული და ერთმანეთის ხოცვით დამთავრებული მიტინგები და „კერასინკა“,პურის რიგი და სანთელი ბავშვობის გამომხატველი სიმბოლური სამებაა.
          „საზოგადოების“მოწონებას მსუყე ლექსებიანი შემოქმედები მეტად იმსახურებენ,ქართველებს უყვართ როცა აქებენ ,მაშინაც კი როცა იციან რომ ეს სრული სიცრუეა.სამაგიეროდ არ უყვართ ნაკლზე მითითება და არც მიმთითებელი ხალხი.ნაკლზე სიმართლის არც მოსმენა და არც წაკითხვა არ სიამოვნებთ,ამიტომ მათში ყველაზე გაბედული მხოლოდ წიგნის სათაურს წაიკითხავს და ავტორს შეაჩვენებს.ავტორთან ბრძოლის ერთადერთ იარაღად კი მის პირად ცხოვრებას აირჩევს,სასწრაფოდ მიაკუთვნებს რომელიმე „უმცირესობას“
         ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,უბრალო ადამიანური კრიტერიუმებით კი საინტერესო გაუკვალავ გზაზე დამდგარი ადამიანის შემოქმედებაა,მასში მეტად იგრძნობა დრო, გარემო,სიახლე.ის არ ქმნის წარსულის სადიდებელ ტრაქტატებს.აწმყოთი ცხოვრობს და აწმყოს აღწერს.
         „საზოგადოების“რეაქციებმა სამწუხაროდ გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მათზე,ისინი ჩაიკეტნენ გარკვეულ სივრცეებში,შემოიკრიბეს ათეულობით თუ ასეულობით თუნდაც ათასეულობით მკითხველი და „საკუთარი მკითხველების სექტით“დაკმაყოფილდნენ.მაშინ როცა უამრავი შესაძლებლობაა მათ წინ.უამრავი პოტენციური მკითხველი ელოდება მათ ამ ჩაკეტილი სივრცეების გარეთ,რომელთაც დაშაქრული პროზის და პოეზიის კი არა ბევრი ეპატაჟის,პერფორმანსის,სიგიჟის, ნამდვილი არტის ხილვა სურთ ,რომ
გონება ათავისუფლდეს წარსულის მავნე გადმონაშთებისგან.
       ეპატაჟის ყველაზე დადებითი ფუნქცია გამოფხიზლებაა.   ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ცოტა ხნის წინათ,როცა საკმაოდ მახვილგონიერმა ქმედებამ შეაჯანჯღარა და გამოაფხიზლა  „მეორე დედაქალაქის“თვითკმაყოფილების ნისლში მთვლემარე ინტელიგენცია და ქვეყნის პირველი პირი .
        ჰოდა,სიგარეტის კვამლით სავსე ლიტერატურულ სალონებში ჯდომას  და წუწუნს რომ მასას მათი არ ესმის,მასაში გასვლა ჯობია.ამ საძულველი მასის სასურველ ინდივიდებად დაშლაც შესაძლებელია.თუ წაუკითხავ რომ:


წყალს ნუ გაატან წუხანდელ სიზმარს,
მიწას ჩაცდება
და ოდესმე ამოახველებს
ეს შეიძლება შიში იყოს,
სინდისის კედლებს ყოველ ღამით
შეშლილივით უკაკუნებდეს
და ერთხელაც 
თვალის ფანჯრებს გადავაბიჯოთ
(გიორგი კეკელიძე)
           დააფიქრებ იმაზეც რომ კეთილშობილური ომი არ არსებობს და სიყვარულს მხოლოდ ერთი რამით გავს:

ომი კეთდება ისე, როგორც სიყვარული. იწყება მგრძნობიარე ზონების გაღიზიანებით და მთავრდება კონვულსიით შესაძლებლობის ზღვარზე- გამაყრუებელ სიჩუმემდე. დიახ დიახ ომი და სიყვარული: 
\"
ვერდაკაცებული მამაკაცების უკანასკნელი არგუმენტი\"
(შოთა გაგარინი)

        და სიყვარული ნაღდი არაა იმ შემთხვევაში როცა-
ერთი პატარა, უწყინარი კუილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიყვარული (სანდრო ნავერიანი)

        ღიმილს კი იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ვანიჭებთ ,რადგან:

„ნ
ებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა
როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე და
ნებისმიერი თვითგადარჩენა
უსასრულო მოძრაობაა საკუთარი თავის გარშემო
(პაატა შამუგია)
    ზოგჯერ კი :

ჩვენ ნაწვიმარი ასფალტის სუნით 
და შეუმდგარი გაზაფხულით - ვიწრო ქუჩებში 
არ დავეძებდით არაფერს და ყველა გამვლელს
საშოვარზე გამოსულს თუ კუჭმტკივან ლოთს
წაქცეულს, მახინჯს, უაზროდ ლამაზს
მოხუც მათხოვარს, ღიპიან მღვდელს თუ 
ბუნებით ვაჭარს - თვალს ვარიდებდით.
 (ლეო ნაფტა)


         თვალებში კი უმეტეს შემთხვევაში ყალბი ტკივილია:
ერთ პოზაში ნაკეთებ თაობ  თვალებში ადვილად ამოიკითხავდით ტკივილს, რომელსაცაფხაზეთიჰქვია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ცეკვის დროსაა“ (ერეკლე დეისაძე)

      შემოქმედი ადამიანი მთამსვლელს ჰგავს.ბევრისთვის ძნელია მიხვდეს რა სიამოვნება და მუღამია ,ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად კლდეებზე დღეების განმავლობაში ცოცვის შემდეგ, მთის მწვერვალზე ალმის დარჭობა.მთასვლელისთვის ცხოვრება აზრს კარგავს, როცა აღარ მიცოცავს მთაზე.შემოქმედის ცხოვრებაც უაზრო ხდება როცა ტვინებზე ვეღარ დაცოცავს,ერთი და იგივე ტვინის დაპყრობა კი ერთი და იგივე მთაზე ცოცვასავითაა.მწვერვალამდე მისასვლელი გზები განუსაზღვრელი არაა და ბოლოს მოსაწყენი ხდება.ამიტომ ახალ ტვინებზეა ალმის დარჭობაა საჭირო.
   ტკივილის დავიწყება სულაც არ მსურს, _ ვეპასუხები ჩემდაუნებურად, _ პირიქით, მას ძვირფასი განძივით დავატარებ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ეს ის მასალაა, რომლითაც შეიძლება ჩემი ცხოვრების სახლი ავაგო.
_
რა საჭიროა რაღაც სახლების აგება, თუ ერთხელ შენშიც დაიწყება წვიმა და ყველაფერი ჩაიძირება
(თეონა დოლენჯაშვილი)

    ზოგჯერ ისეც ხდება რომ
„ანგელოზს ცისკენ აფრენა უნდა, მაგრამ ძაფი არ უშვებს”და .,,ამწეს ჯერ კიდევ ვეშაპივით ეჭირა გაკოჭილი ბელადი (ზაზა ბურჭულაძე)
       როგორც უკვე ვთქვი ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,მე კი უბრალო მკითხველის კრიტერიუმებით ვაფასებ მათ და  მომწონს.მინდა რომ ამ ქვეყანაში მათ უფრო მეტი ხალხი კითხულობდეს და იგებდეს.ამისთვის კი კომუნიკაციაა საჭირო,კავშირის არ ქონა ცუდია და ზოგჯერ საშინელი შედეგიც აქვს,როგორც ნენეს მოთხრობაშია-

         
`რომეოს ჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება იმიტომ, რომ რომეოს გონია რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია“...