Thursday, August 18, 2011

ცოცვა ტვინებზე

         ცხოვრების და შემოქმედების გარკვევა ძნელი საქმეა,განსაკუთრებით მაშინ,როცა საზოგადოებას ისტორიის გარდამავალ,კრიზისულ პერიოდებში უწევს ცხოვრება.ამ დროისთვის ძველი გზა დამთავრებულია და ახალიც არ ჩანს.
        შემოქმედ ადამიანს გაუკვალავ გზაზე უწევს სიარული,სადაც წინაღობა და წინააღმდეგობა გაცილებიტ მეტია.მეტია ცდუნებაც,რომ არ გაყვეს ცრუ მეგზურს.
         საზღვარი ორ ეპოქას შორის ოც წელზე მეტია გაივლო,მაგრამ გზის დასასრულთან ყოფნამ დიდხანს მოგვიწია.ჩვენს წინა თაობავ ვერ გაბედა ნაბიჯი გადაედგა გაუკვალავი გზისკენ,როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს „დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას,რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩვენ ბაბუებად გვეკუთვნიან.ჩვენი მამები კი...ისინი გასუქდნენ,პარლამენტში დასხდნენ და ვერ მოიცალეს ხელოვნებისთვის.“        თანამედროვე ქართული ხელოვნება ბევრი რამით გავს თანამედროვე ქართულ ყოფას,აქ მრავლად არიან ცრუ მეგზურებს გაყოლილი „პარლამენტარი“მამის შვილები და ცოტა მაგრამ მაინც არიანგაუკვალავ გზაზე დამდგარი „თავზეხელაღებულები“.
       შემოქმედებაც შემოქმედს ჰგავს.შესაბამისად ბევრია მსუყე,ცხიმიანი,თბილ ოთახებში შექმნილი „შედევრები“ და ცოტაა ურჩი შემოქმედება,რომლის მიზანიც ავტორიტეტების გამოწვევაა,რომელსაც სძულს ყოველგვარი „ფსევდო“ ღირებულებები.რომლისთვისაც მამების თაობის პატრიოტიზმი საქილიკო თემაა, რადგან ახსოვთ ჩახუტებით დაწყებული და ერთმანეთის ხოცვით დამთავრებული მიტინგები და „კერასინკა“,პურის რიგი და სანთელი ბავშვობის გამომხატველი სიმბოლური სამებაა.
          „საზოგადოების“მოწონებას მსუყე ლექსებიანი შემოქმედები მეტად იმსახურებენ,ქართველებს უყვართ როცა აქებენ ,მაშინაც კი როცა იციან რომ ეს სრული სიცრუეა.სამაგიეროდ არ უყვართ ნაკლზე მითითება და არც მიმთითებელი ხალხი.ნაკლზე სიმართლის არც მოსმენა და არც წაკითხვა არ სიამოვნებთ,ამიტომ მათში ყველაზე გაბედული მხოლოდ წიგნის სათაურს წაიკითხავს და ავტორს შეაჩვენებს.ავტორთან ბრძოლის ერთადერთ იარაღად კი მის პირად ცხოვრებას აირჩევს,სასწრაფოდ მიაკუთვნებს რომელიმე „უმცირესობას“
         ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,უბრალო ადამიანური კრიტერიუმებით კი საინტერესო გაუკვალავ გზაზე დამდგარი ადამიანის შემოქმედებაა,მასში მეტად იგრძნობა დრო, გარემო,სიახლე.ის არ ქმნის წარსულის სადიდებელ ტრაქტატებს.აწმყოთი ცხოვრობს და აწმყოს აღწერს.
         „საზოგადოების“რეაქციებმა სამწუხაროდ გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მათზე,ისინი ჩაიკეტნენ გარკვეულ სივრცეებში,შემოიკრიბეს ათეულობით თუ ასეულობით თუნდაც ათასეულობით მკითხველი და „საკუთარი მკითხველების სექტით“დაკმაყოფილდნენ.მაშინ როცა უამრავი შესაძლებლობაა მათ წინ.უამრავი პოტენციური მკითხველი ელოდება მათ ამ ჩაკეტილი სივრცეების გარეთ,რომელთაც დაშაქრული პროზის და პოეზიის კი არა ბევრი ეპატაჟის,პერფორმანსის,სიგიჟის, ნამდვილი არტის ხილვა სურთ ,რომ
გონება ათავისუფლდეს წარსულის მავნე გადმონაშთებისგან.
       ეპატაჟის ყველაზე დადებითი ფუნქცია გამოფხიზლებაა.   ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ცოტა ხნის წინათ,როცა საკმაოდ მახვილგონიერმა ქმედებამ შეაჯანჯღარა და გამოაფხიზლა  „მეორე დედაქალაქის“თვითკმაყოფილების ნისლში მთვლემარე ინტელიგენცია და ქვეყნის პირველი პირი .
        ჰოდა,სიგარეტის კვამლით სავსე ლიტერატურულ სალონებში ჯდომას  და წუწუნს რომ მასას მათი არ ესმის,მასაში გასვლა ჯობია.ამ საძულველი მასის სასურველ ინდივიდებად დაშლაც შესაძლებელია.თუ წაუკითხავ რომ:


წყალს ნუ გაატან წუხანდელ სიზმარს,
მიწას ჩაცდება
და ოდესმე ამოახველებს
ეს შეიძლება შიში იყოს,
სინდისის კედლებს ყოველ ღამით
შეშლილივით უკაკუნებდეს
და ერთხელაც 
თვალის ფანჯრებს გადავაბიჯოთ
(გიორგი კეკელიძე)
           დააფიქრებ იმაზეც რომ კეთილშობილური ომი არ არსებობს და სიყვარულს მხოლოდ ერთი რამით გავს:

ომი კეთდება ისე, როგორც სიყვარული. იწყება მგრძნობიარე ზონების გაღიზიანებით და მთავრდება კონვულსიით შესაძლებლობის ზღვარზე- გამაყრუებელ სიჩუმემდე. დიახ დიახ ომი და სიყვარული: 
\"
ვერდაკაცებული მამაკაცების უკანასკნელი არგუმენტი\"
(შოთა გაგარინი)

        და სიყვარული ნაღდი არაა იმ შემთხვევაში როცა-
ერთი პატარა, უწყინარი კუილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიყვარული (სანდრო ნავერიანი)

        ღიმილს კი იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ვანიჭებთ ,რადგან:

„ნ
ებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა
როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე და
ნებისმიერი თვითგადარჩენა
უსასრულო მოძრაობაა საკუთარი თავის გარშემო
(პაატა შამუგია)
    ზოგჯერ კი :

ჩვენ ნაწვიმარი ასფალტის სუნით 
და შეუმდგარი გაზაფხულით - ვიწრო ქუჩებში 
არ დავეძებდით არაფერს და ყველა გამვლელს
საშოვარზე გამოსულს თუ კუჭმტკივან ლოთს
წაქცეულს, მახინჯს, უაზროდ ლამაზს
მოხუც მათხოვარს, ღიპიან მღვდელს თუ 
ბუნებით ვაჭარს - თვალს ვარიდებდით.
 (ლეო ნაფტა)


         თვალებში კი უმეტეს შემთხვევაში ყალბი ტკივილია:
ერთ პოზაში ნაკეთებ თაობ  თვალებში ადვილად ამოიკითხავდით ტკივილს, რომელსაცაფხაზეთიჰქვია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ცეკვის დროსაა“ (ერეკლე დეისაძე)

      შემოქმედი ადამიანი მთამსვლელს ჰგავს.ბევრისთვის ძნელია მიხვდეს რა სიამოვნება და მუღამია ,ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად კლდეებზე დღეების განმავლობაში ცოცვის შემდეგ, მთის მწვერვალზე ალმის დარჭობა.მთასვლელისთვის ცხოვრება აზრს კარგავს, როცა აღარ მიცოცავს მთაზე.შემოქმედის ცხოვრებაც უაზრო ხდება როცა ტვინებზე ვეღარ დაცოცავს,ერთი და იგივე ტვინის დაპყრობა კი ერთი და იგივე მთაზე ცოცვასავითაა.მწვერვალამდე მისასვლელი გზები განუსაზღვრელი არაა და ბოლოს მოსაწყენი ხდება.ამიტომ ახალ ტვინებზეა ალმის დარჭობაა საჭირო.
   ტკივილის დავიწყება სულაც არ მსურს, _ ვეპასუხები ჩემდაუნებურად, _ პირიქით, მას ძვირფასი განძივით დავატარებ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ეს ის მასალაა, რომლითაც შეიძლება ჩემი ცხოვრების სახლი ავაგო.
_
რა საჭიროა რაღაც სახლების აგება, თუ ერთხელ შენშიც დაიწყება წვიმა და ყველაფერი ჩაიძირება
(თეონა დოლენჯაშვილი)

    ზოგჯერ ისეც ხდება რომ
„ანგელოზს ცისკენ აფრენა უნდა, მაგრამ ძაფი არ უშვებს”და .,,ამწეს ჯერ კიდევ ვეშაპივით ეჭირა გაკოჭილი ბელადი (ზაზა ბურჭულაძე)
       როგორც უკვე ვთქვი ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,მე კი უბრალო მკითხველის კრიტერიუმებით ვაფასებ მათ და  მომწონს.მინდა რომ ამ ქვეყანაში მათ უფრო მეტი ხალხი კითხულობდეს და იგებდეს.ამისთვის კი კომუნიკაციაა საჭირო,კავშირის არ ქონა ცუდია და ზოგჯერ საშინელი შედეგიც აქვს,როგორც ნენეს მოთხრობაშია-

         
`რომეოს ჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება იმიტომ, რომ რომეოს გონია რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია“...

No comments: