Tuesday, August 16, 2011

ფარისეველი პატრიოტი და ფარისეველი ლიბერალი


    იქნება ”მშვენიერი” დღე, ოღონდ გარშემო მხოლოდ ორი ფერი იქნება თეთრი და შავი.
    იქნება ხმაური ან მდუმარება აღარავინ ილაპარაკებს სასიამოვნო ხმით,არც იჩურჩულებს.
    იქნება ”ადამიანი” კონკრეტული მოვალეობით და კონკრეტული უფლებებითა.
     მის სახეს მხოლოდ ერთი მიმიკური მოძრაობის უნარი ექნება შერჩენილი- გაბრაზებულის.
     აღარ დაჭირდება დაეჭვებული,დაფიქრებული,გაკვირვებული,მოწყენილი ადამიანის გამოხატვა,რადგან ის არასდროს იქნება დაეჭვებული,არც დაფიქრდება,რა უნდა მოხდეს რომ გაუკვირდეს?!ან რატომ მოიწყინოს?!ღიმილის არქონაც არ შეაწუხებს ,რადგან არაფერში გამოადგება.ექნება უემოციო,თეთრი სახე,შავი თვალები და თმები.იქნება ან ”უჯიშო ლიბერალი” ან ”მორწმუნე პატრიოტი”...
     ეს ჩვენი ყოფის ჩემეული სიურეალისტური ვერსიაა.რეალური ვერსიაშიც მხოლოდ ორი აზრი არსებობს,ერთმანეთის გამომრიცხავი,სიცრუე ან ჭეშმარიტება.ჭეშმარიტება იმ ჯგუფის აზრია რომელსაც მიეკუთვნები ან გინდა რომ მიეკუთვნებოდე.  სიცრუე კი ყველა ის აზრი რაც საპირისპირო ჯგუფს ჭეშმარიტებად მიაჩნია.
         ჩვენ ვაშენებთ ჩვენს გარშემო უამრავ ზღუდეებს,ვავლებთ საზღვრებს .ჩვენს გარშემო ვქმნით ლაბირინთს და ჩვენც ამ ლაბირინთში ვიკარგებით. ვიწესებთ წესებს,ვიკანონებთ კანონებს,თითოეულს მიგვაჩნია რომ უზენაესი ძალის მიერ ”თავის სახედ და ხატად” შექმნილი არსებები ვართ,რომ მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და გვეღირსება მარადიული არსებობა.საპირისპირო ჯგუფში კი ”ამა  სოფლის ხორცმეტნი” არიან,რომელთაც უზენაესმა მხოლოდ ის ფუნქცია მისცა რომ მათთან ბრძოლაში დაიხვეწოს და გამტკიცდეს ჩვენი რწმენა.
       ბანალურად კი ასეა:
        თუ ”უჯიშო ლიბერალი” ხარ -შენ გძულს ის გარემო სადაც ცხოვრობ და ის შენს ”განსაწმენდელად” მიგაჩნია.შენ გძულს შენზე ნაკლებად განათლებული, სამაგიეროდ გყავს ”გურუ”, რომელიც მუდამ ჭეშმარიტებას ღაღადებს.შენთვის ნამდვილი ხელოვნება მხოლოდ შენი სამშობლოსაგან შორს შორეულ დასავლეთში იქმნება.შენთვის ყველა პედოფილი-ჰუმბერტ ჰუმბერტია.ადამიანები კი ,რომელნიც თავიანთი ფალოსის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დღიურს წერენ-მოდერნისტი მწერალები.იგონებ პრობლემებს, კრიბავ თანამოაზრეებს,შემდეგ კი შენ მოგონილ პრობლემებს ებრძვით. შენთვის ღმერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა,რომელიც შენს თავისუფალ სულს წესებს უწესებს და ბორკილებს ადებს.შენ წუხარ იმის გამო რომ შორეულ ირანში ქალები ჰიჯაბით დადიან და ყოველგვარი ხერხებით ებრძვი ახმადინეჯადს ხელი აიღოს ქალების ჩაგვრაზე, მაგრამ საერთოდ არ გაინტერესებს როგორ უმწარებს სიცოცხლეს შენი საშუალო შეძლების და განათლების მქონე მეზობლის ქალს ქმარი.შენ ღამეები არ გძინავს იმაზე დარდით, თუ როგორ  სადისტურად კვებავენ ბატებს საფრანგეთში,იმისთვის რომ შემდეგ მისი ღვიძლისგან გემრიელი პაშტეტი გააკეთონ,სამაგიეროდ არ გიფიქრია ,როგორ იკვებება ან თუ იკვებება შენი არცთუშორეული ნათესავი...
     თუ ” მორწმუნე პატრიოპტი” ხარ-შენ გძულს ის გარემო სადაც შენ არ ცხოვრობ.გგონია რომ ღმერთმა მარტო შენი ქვეყანა შექმნა,დანარჩენი პლანეტა კი სატანის სამფლობელოა.შენ გძულს შენზე განათლებული ხალხი,მითუმეტეს თუ ეს განათლება სამშობლოში კი არა სატანის სამფლობელო ქვეყნებიდან ერთერთში აქვს მიღებული, შენ არ გყავს ”გურუ”,შენ გყავს ”მოძღვარი”შენთვის პედოფილი და ჰომოსექსუალი ერთიდაიგივეა,ნება რომ მოგცენ ყველას ამოხოცავდი..შენ შეგიძლია საჯაროდ კოცონზე დაწვა წიგნიც და ავტორიც, მხოლოდ წიგნის სათაურის გამო ,რადგან წიგნი არ წაგიკითხავს.შეაჩვენო მწერალი რომლის პერსონაჟმაც დედაზე ცუდი გაიფიქრა და საკუთარ დედასთან სიტყვიერი ინცესტი დღეში უამრავჯერ განიცადო. შენ შეგიძლია თან ქართველების სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო დალიო,თან დედა აგინო ქუჩაში შემხვედრ სხვა რასის წარმომადგენელს.შენ შეგიძლია დაუნანებლად გაიღო ფული ტაძრის ასაშენებლად ,რომ მერე ამ ტაძრის კარებთან უსახლკარო ბავშვებმა იმათხოვრონ.შენ შეგიძლია ქალების სადღეგრძელო კრამიტით დალიო და თან შენს ცოლს თავი ქალად არ აგრძნობინო არასოდეს,თუ ქალი ხარ შენ შეგიძლია მესამე ქმარსაც ქალიშვილი ჩაბარდე, რომ თავმოყვარეობა არ შეულახო...
    ორივეს ”უჯიშო ლიბერალსაც” და  ”მორწმუნე პატრიოტსაც” ბევრი  რამე  შეგიძლიათ,რადგან ფარისევლები ხართ...

No comments: