Tuesday, August 16, 2011


     





    ვყიდი ჩემს წილ სამშობლოს შეღავათიან ფასად ან ვცვლი ჩემ წილ ”სალ კლდეებს” სხვა ქვეყნის სამოთხეზე.
                                                                                                       
      არ  დამიწყოთ,შეგონებანი:”მკრეხელობაა!!!””ღმერთის საწყენს ნუ ამბობ!””რა უფლებით?!” მე ჩემ წილს ვყიდი თქვენსას  არ ვეხები,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ რაც გაქვთ.
     რატომ ვყიდი?!
     აღარ მინდა!
     ჩემთვის აზრი არც არავის უკითხავს,დაბადებიდანვე შემომაჩეჩეს...მითხრეს ძვირფასია და თვალისჩინივით გაუფრთხილდიო...
     რატომაა ძვირფასი?რაში მჭირდება?-ეთქვა მაინც ვინმეს...
     მერე სკოლაში ლექსებს მასწავლიდნენ,თურმე ამ ჩემ სამშობლოს ცა ფირუზის ჰქონია,ხმელეთი ზურმუხტის,თურმე ასეთი მხარე მეორე არ ყოფილა,თურმე უხსოვარი დროიდან ცხვირპირს ამტვრევდნენ ერთმანეთს ამ ”ფირუზ-ზურმუხტისთვის”ათასნაირი ჯიშის და ჯილაგის ხალხი...
      გესმით?თქვენ კიდევ ფასის დაკლებაზე მელაპარაკებით.ეს მე აღარ მინდა ,თორემ თქვენ უამრავ რამეში გამოიყენებთ.გინდათ უფრო წვრილ ნაწილებად დაშალეთ და გაყიდეთ,გინდათ  სხვისი წილებიც იყიდეთ და მერე სარფიანად გაყიდეთ,ადრეც ხომ ვაჭრობდნენ ასე,ხომ გაყიდეს ასე აფხაზეთი...ეხლა კი წუწუნებთ,მაგრამ ვისი რა ბრალია მყიდველმა თუ მოატყუათ და იაფად იყიდეს.ეხლა კი იძახიან გვტკივაო..კარგით რა!გაყიდული ნივთის ტკივილი არ გამიგია...ვიცი არც მათ,მაგრამ ხომ არ იტყვიან ბოღმა გვახრჩობს ,რომ დაგვაშტერესო.არც ნივთის ტკივილი და არც პალმის და ზღვის კენჭების სიყვარულის არ მწამს,სიყვარული ადამიანის ვიცი მე.იმათ კიდევ იქიდან რომ გამოიქცნენ ის ადამინები არ უყვარდათ,აბა რას დაარბენინებენ 20წელია წინ და უკან?!არც იმათ უყვარდათ აფხაზები...
       რატომ?როგორ?და ასეთ რაღაცეებს ნუ მკითხავთ,არ უყვარდათ და მორჩა...
       მაინც და მაინც ეხლა რატომ ვყიდი?აბა როდის გამეყიდა,კუპონობის დროს პატარა ვიყავი.მერე არ მეცალა-ვსწავლობდი, მერე ვცდილობდი რამეში გამომეყენებინა,ეხლა ამბობენ ფასმა მოიმატაო და...
       რა გინდა ლამაზი ნივთია,მთლად ზურმუხტი არაა ,ვერ მოგატყუებ, მაგრამ არც მთლად უბრალოა...თან იცი რა სასაცილო  და საოცარი ამბები ხდება?!გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბევრი ხალხი იკრიბება,ხმამაღლა გაჰყვირიან რაღაცეებს,მღერიან ”თავისუფლება ლომთა ხვედრიაო”,მერე აიღებენ ფულს და წავლენ სახლებში.
       კიდევ...კიდევ პენსიაც 70 ლარია და ბარში საშუალო კოქტეილის ფასიც.
       აქ ამბობენ რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს,მაგრამ ტყუიან,აქ ფულიანი სტუმრები უყვართ,ალბათ ამიტომ გააჩერეს ებრაელები 2600წელი და ”ვერ ელევიან”სომხებს.თორემ აფრიკიდან ჩამოსული ხალხის დანახვაზე შეშინებულები პირჯვარსაც იწერენ და განადგურებულ ქართულ გენს წინასწარ დასტირიან.
      კიდევ?კიდევ დედები შვილებს ცემაში ხდიან სულს, პრემიერმინისტრი უხარისხო გაზქურის მსხვერპლი ხდება,ოქროთი მორთულ წვერიან კაცებს ღმერთი ქვის კედლებში ყავთ გამომწყვდეული და ამასხარავებენ...
     
    მეტი რაღა გითხრა,თუ მყიდველი ხარ იყიდე, თუ არა და გაიარე ,სამასხარაოდ არ მცალია...

No comments: