Thursday, August 4, 2011

ნაბახუსევი თბილისი,თბილი ლუდი და გინება Vis-à-vis

       "ნაბახუსევ თბილისს გაუმარჯოს,ძმაო"-ეფიცებოდნენ სიყვარულს რადიოწამყვანი და მსმენელი.დილით სახლიდან რომ დაღრეჯილი გამოხვალ,სიცოცხლე რომ გძულს .... ცოტა ხანში კი  შუბლგახსნილი და ბედნიერი,ყველას მოყვარული რომ გამოდიხარ რესტორნიდან, აი ისეთს.
გულწრფელად შეღაღადებდნენ ამ სიტყვებს ერთმანეთს და სჯეროდათ  რომ, ეს იყო სრული ბედნიერება თუ არა ბედნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.
   ეს ამბავი დილით მოხდა,"მარშუტკაში".შეიძლება ვიღაცას ამ სიტყვების გაგონებაზე კანზე დაბურძგლა და სულში ქართული სიამაყე ჩაეღვარა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მე  შემრცხვა და ნერვები ამეშალა..ნერვების სისუსტე ალბათ სიცხის ბრალია,გაუსაძლისი სიცხეებია წელს საქართველოში.
     ისე გუშინ საღამოსაც ამეშალა ნერვები და ადამიანის ცემის სურვილი გამიჩნდა.მეზობელ ქუჩაზე ქვაფენილს აგებენ და გადაკეტილია ამკრძალავი ლენტით . მანქანით ჩემ ქუჩაზე რომ მოხვდე  სულ რაღაც ზედმეტი 3წუთის შემოვლითი გზით უნდა ისარგებლო.სულ რაღაც 3წუთი...
    ჰოდა,მოდის ჯიგარი ქართველი ვაჟკაცი,რათქმა უნდა ჯიპით და ჯიპში რადიო,რადიოში დარდიმანდული ცხოვრების მოყვარული უდარდელი წამყვანი.შეხვდა  ქუჩის დასაწყისში გაბმული პირველი ლენტი...გაგლიჯა...გააგრძელა გზა...გადაუარა ხელოსნების მიერ მეორე დღისთვის გამზადებულ ხარაჩოებს...გადაანგრია...ავიდა ქუჩის ბოლოს...დახვდა ქუჩის ბოლოს გაბმული მეორე ლენტი...გაგლიჯა...ამოვიდა ქუჩაზე და გააგრძელა გზა...ვითომც აქ არაფერი....
     მერე ალბათ მივიდა სახლში თვალი შეავლო ტელევიზორში ენრიკეს და თამუნას... შეიგინა...ჩათვალა რომ თამუნას პატრონი არ ჰყავს....პულტი წაართვა თინეიჯერ შვილს ,რომელიც ბედნიერი უყურებდა ენრიკეს და გულწრფელად შურდა თამუნასი...გადართო თავის საყვარელ არხზე სადაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა...მთავარი გმირი ამერიკაში იმიგრირებული იტალიელი იყო,მოწონდა მისი დაუნდობელი ხასიათი და "სიმართლისთვის"ბრძოლა.მერე რა რომ ფილმის გმირი კრიმინალი იყო და თვითონ კი "ორგანოში"მუშაობდა,ვაჟკაცი ყველგან ვაჟკაცია. პრეზიდენტიც მოწონდა,განსაკუთრებით მაშინ როცა ქვეყნის მოღალატეებს ლანძღავდა...ნანობდა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა რომ გაუქმდა.ქვეყნის მოღალატეებს მონანიების უფლება და დრო არ უნდა ქონოდათ.
   მერე ცოლი ლუდზე ჩააგზავნა მარკეტში.ლუდი არასაკმარისად ცივი აღმოჩნდა შესაბამისად უგემურიც .აგინა ლუდს გადატანითი მნიშვნელობით ,გამყიდველს შორიდან და ცოლს Vis-à-vis ...მერე...მერე აღარ ვიცი და არც მაინტერესებს,თორემ ნერვები ამეშლება...ნერვების სისუსტე ალბათ სიცხის ბრალია,გაუსაძლისი სიცხეებია წელს საქართველოში...

No comments: