Friday, November 4, 2011

მე,საქართველო და სემანტიკის ლექცია


მოდი შორიდან დავიწყებ… ბავშვობიდან…ჩემმა ბავშვობამ ძირითადად იმ წლებში ჩაიარა,როცა ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი იყო,ბუნდოვნად მისი წინამორბედიც მახსოვს ოღონდ ფრაგმენტულად,მახსოვს ჩემი ახლობლების აღტაცებული სახეები და საუბარი, რომ საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ,მერე მახსოვს ტელევიზორი რომლიდანაც ვიღაც ულვაშებიანი კაცი მოლანდების სახით მოსვლას გვპირდებოდა.მერე  საუბარი :”ომი დაიწყოო”…
მერე სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი .მერე როგორც ვთქვი ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი კაცი გახდა.მერე აფხაზეთიდან გამოყრილი ჩემი იმ დრომდე უცნობი ნათესავები ჩემ სახლში…ისევ სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი…ჩემი კლასელები და სკოლის წლები-შავ ფონზე აწყობილი ფერადი აპლიკაცია…
სკოლის ბოლო წლები …საუბრები, რომ პატრონის და ფულის გარეშე მაინც ვერ ჩააბარებ და  ჯობია რაიმე ხელობა ისწავლო(ჭრა-კერვა,პარიკმახერობა)…მე-მაინც ვცდი. მერე ჩემი ნაცნობებისთვის სასწაული და ჩემთვის ჩემი სიჯიუტე-სიბეჯითის შედეგი-უნივერსიტეტი და უფასო სწავლა.
მერე იმედი რომ ჩვენც შეგვიძლია ადამიანურად ვიცხოვროთ,მშვიდად ,სროლების გარეშე,ვაკეთოთ საქმე რომლის კეთებაც გვსიამოვნებს და რომელიც უზრუნველგვყოფს.აზრი- რომ ბაბუს არ უნდა ჩვენი ადამიანური ცხოვრება.ჩვენი ლექტორის ნათქვამი, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და როცა გარეთ ჩვენი მომავლის ამბავი წყდება სემანტიკაზე ლექციის წაკითხვა და მოსმენა ჩვენი თავის უპატივცემულობაა…მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში….ერთი…ორი…სამი…ნოემბრის ბევრი დღე.მერე ახლგაზრდა პრეზიდენტი და ჩემი ახლობლების ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრების მსგავსი საუბრები უკვე ჩვენს შორის რომ “საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ”
მერე… უკვე სანთლები აღარ ,არც დანგრეული გზები და აღარც სროლა და ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები, ანუ  ბნელ დანგრეულ ქუჩაზე   ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძა  ვეღარ ისროდა.ქუჩა განათდა,გზა დაიგო და ბიძა ციხეში აღმოჩნდა.
მაშხალა აგინთიათ?როცა ანთია და აღტაცებით შესცქერიხარ ,რა ლამაზია!მერე აღტაცება გადაგივლის და აღმოაჩენ რომ მაშხალის წვას ცუდი სუნი ქონია….დაახლოებით ის შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ რომ  ამ განათებულ,ლამაზ გზებზე მონები დადიან,მონები რომელთაც ადამიანური ცხოვრების ეშინიათ,რომელთაც  ყოველივე ამას აყვედრიან და აიძულებენ ყველაფერი ბაბუსდროინდელს შეადაროს.საბრალო სანახავია მდიდრულად მორთული მონა…
იმედგაცრუება საშინელი რამეა,მე კი არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს, იმ ქვეყანაში რომლის ბედნიერი მომავლის იმედით სემანტიკის ლექციენი ვაცდინე და როგორც ამბობენ ქუჩაში ვიდექი წვიმაში და ქარში, არ მინდა მონად ვიქცე,არ მინდა მეშინოდეს ვთქვა ჩემი აზრი ,არ მინდა საპატივცემულო სტუმრის თვალის გასახარად ავტობუსით მიყვანილი მასა ვიყო,არ მინდა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის სანაცვლო 24-საათი განათებული სახლი.არ მინდა სხვა რელიგიის ადამიანების ჯიბრზე აშენებული ეკლესიები და ეკლესიებთან მშიერი ბავშვები.არ მინდა სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე დაცული ჩემი უფლება.არ მინდა ცემით მოკლული პატიმრის ხარჯზე დაუკეტავად დატოვებული ავტომანქანა.არ მინდა სისხლგადარეცხილ რუსთაველზე ჩავლილი ჯერისკაცებით იმის ჩვენება რომ დაცული ვარ,არ მინდა ყოველ გაზაფხულ-შემოდგომაზე “წადი”"მოდი”"გვიშველე”"გაუმარჯოს” ძახილი.
მე ადამიანი ვარ და სხვა ადამიანებთან ერთად თანასწორად,ადამიანურად,ადამიანური კანონებით ცხოვრება მინდა.მე “ედემში” და ზეციურ საქართველოში ცხოვრება  არ ვითხოვ.რეალურ საქართველოში მინდა ცხოვრება რომელიც არც სხვაზე ლამაზია და არც სხვაზე მაგარი,თავისებურად ლამაზია დ თავისებურად მაგარი…თავისებური”ჩაკრულო” აქვს,თავისებური სვანური კოშკები,თავისებური დამწერლობა და თავისებური ალაზნის ველი.
მინდა რომ აქ მეც ბედნიერი ვიყო,ჩემი ოსი მეზობელიც,ჩემი გეი ნაცნობიც და ჩემი იაჰოვას მოწმე ნათესავიც.

იმედგაცრუება ცუდი რამეა,საშინლად ტკენს გულს ადამიანს,ჩემს იმედს კი უკვე ეჭვის ჭია ყავს შეჩენილი…იქნებ ჯობდა სემანტიკის ლექციაზე დავრჩენილიყავი…

1 comment:

Anonymous said...

სემანტიკის ლექტორი შეცდა; ყველა შემთხვევაში შეცდებოდა