Friday, November 4, 2011

მე,საქართველო და სემანტიკის ლექცია


მოდი შორიდან დავიწყებ… ბავშვობიდან…ჩემმა ბავშვობამ ძირითადად იმ წლებში ჩაიარა,როცა ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი იყო,ბუნდოვნად მისი წინამორბედიც მახსოვს ოღონდ ფრაგმენტულად,მახსოვს ჩემი ახლობლების აღტაცებული სახეები და საუბარი, რომ საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ,მერე მახსოვს ტელევიზორი რომლიდანაც ვიღაც ულვაშებიანი კაცი მოლანდების სახით მოსვლას გვპირდებოდა.მერე  საუბარი :”ომი დაიწყოო”…
მერე სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი .მერე როგორც ვთქვი ამ ქვეყნის “უფროსი” თეთრთმიანი მოხუცი კაცი გახდა.მერე აფხაზეთიდან გამოყრილი ჩემი იმ დრომდე უცნობი ნათესავები ჩემ სახლში…ისევ სანთელი,ნავთის სუნი,ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები,სროლა და გაყინული საკლასო ოთახი…ჩემი კლასელები და სკოლის წლები-შავ ფონზე აწყობილი ფერადი აპლიკაცია…
სკოლის ბოლო წლები …საუბრები, რომ პატრონის და ფულის გარეშე მაინც ვერ ჩააბარებ და  ჯობია რაიმე ხელობა ისწავლო(ჭრა-კერვა,პარიკმახერობა)…მე-მაინც ვცდი. მერე ჩემი ნაცნობებისთვის სასწაული და ჩემთვის ჩემი სიჯიუტე-სიბეჯითის შედეგი-უნივერსიტეტი და უფასო სწავლა.
მერე იმედი რომ ჩვენც შეგვიძლია ადამიანურად ვიცხოვროთ,მშვიდად ,სროლების გარეშე,ვაკეთოთ საქმე რომლის კეთებაც გვსიამოვნებს და რომელიც უზრუნველგვყოფს.აზრი- რომ ბაბუს არ უნდა ჩვენი ადამიანური ცხოვრება.ჩვენი ლექტორის ნათქვამი, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ და როცა გარეთ ჩვენი მომავლის ამბავი წყდება სემანტიკაზე ლექციის წაკითხვა და მოსმენა ჩვენი თავის უპატივცემულობაა…მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში….ერთი…ორი…სამი…ნოემბრის ბევრი დღე.მერე ახლგაზრდა პრეზიდენტი და ჩემი ახლობლების ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრების მსგავსი საუბრები უკვე ჩვენს შორის რომ “საქართველო თავისუფალია,რომ მსოფლიო ჩვენს “ბორჯომზე”,ღვინოზე და მწვანილზე გადაირევა,რომ მალე ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ”
მერე… უკვე სანთლები აღარ ,არც დანგრეული გზები და აღარც სროლა და ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძები, ანუ  ბნელ დანგრეულ ქუჩაზე   ტყავის ქურთუკიანი და შავსათვალიანი ბიძა  ვეღარ ისროდა.ქუჩა განათდა,გზა დაიგო და ბიძა ციხეში აღმოჩნდა.
მაშხალა აგინთიათ?როცა ანთია და აღტაცებით შესცქერიხარ ,რა ლამაზია!მერე აღტაცება გადაგივლის და აღმოაჩენ რომ მაშხალის წვას ცუდი სუნი ქონია….დაახლოებით ის შეგრძნებაა, როცა აღმოაჩენ რომ  ამ განათებულ,ლამაზ გზებზე მონები დადიან,მონები რომელთაც ადამიანური ცხოვრების ეშინიათ,რომელთაც  ყოველივე ამას აყვედრიან და აიძულებენ ყველაფერი ბაბუსდროინდელს შეადაროს.საბრალო სანახავია მდიდრულად მორთული მონა…
იმედგაცრუება საშინელი რამეა,მე კი არ მინდა რომ იმედი გამიცრუვდეს, იმ ქვეყანაში რომლის ბედნიერი მომავლის იმედით სემანტიკის ლექციენი ვაცდინე და როგორც ამბობენ ქუჩაში ვიდექი წვიმაში და ქარში, არ მინდა მონად ვიქცე,არ მინდა მეშინოდეს ვთქვა ჩემი აზრი ,არ მინდა საპატივცემულო სტუმრის თვალის გასახარად ავტობუსით მიყვანილი მასა ვიყო,არ მინდა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის სანაცვლო 24-საათი განათებული სახლი.არ მინდა სხვა რელიგიის ადამიანების ჯიბრზე აშენებული ეკლესიები და ეკლესიებთან მშიერი ბავშვები.არ მინდა სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე დაცული ჩემი უფლება.არ მინდა ცემით მოკლული პატიმრის ხარჯზე დაუკეტავად დატოვებული ავტომანქანა.არ მინდა სისხლგადარეცხილ რუსთაველზე ჩავლილი ჯერისკაცებით იმის ჩვენება რომ დაცული ვარ,არ მინდა ყოველ გაზაფხულ-შემოდგომაზე “წადი”"მოდი”"გვიშველე”"გაუმარჯოს” ძახილი.
მე ადამიანი ვარ და სხვა ადამიანებთან ერთად თანასწორად,ადამიანურად,ადამიანური კანონებით ცხოვრება მინდა.მე “ედემში” და ზეციურ საქართველოში ცხოვრება  არ ვითხოვ.რეალურ საქართველოში მინდა ცხოვრება რომელიც არც სხვაზე ლამაზია და არც სხვაზე მაგარი,თავისებურად ლამაზია დ თავისებურად მაგარი…თავისებური”ჩაკრულო” აქვს,თავისებური სვანური კოშკები,თავისებური დამწერლობა და თავისებური ალაზნის ველი.
მინდა რომ აქ მეც ბედნიერი ვიყო,ჩემი ოსი მეზობელიც,ჩემი გეი ნაცნობიც და ჩემი იაჰოვას მოწმე ნათესავიც.

იმედგაცრუება ცუდი რამეა,საშინლად ტკენს გულს ადამიანს,ჩემს იმედს კი უკვე ეჭვის ჭია ყავს შეჩენილი…იქნებ ჯობდა სემანტიკის ლექციაზე დავრჩენილიყავი…

Wednesday, September 28, 2011

ტკივილის დოზა


   მე ტელევიზორომანი ვარ,იმისდა მიუხედავად მძინავს,მღვიძავს,ვჭამ,ვკითხულობ,ცივა თუ ცხელა ტელევიზორი მუდამ ჩართულია.შეიძლება ყურადღებით არ ვანებივრებ ,მაგრამ არც მოდუნების საშუალებას ვაძლევ და ისიც ჯერჯერობით უდტვრინველად განაგრძობს თავის არსებობას...
    ჰოდა ჩვენი თანაცხოვრების ერთ ჩვეულებრივ დღეს,უფრო სწორად ერთ ჩვეულებრივ დილას ამ „ჯადოსნურ ყუთში“ დილის გადაცემის წამყვანები გამოჩნდნენ,მხიარულად ჟღურტულებდნენ ამინდზე,ზოდიაქოზე,სპორტზე,პატარებს ანიმაციური ფილმიც აჩვენეს...დროდადრო კი მხიარულ ჟღურტულს სევდიანი ხმა გამოერეოდა ,რომელიც მამცნობდა რომ დღეს 27 სექტემბერი იყო და 18წელი გავიდა რაც სოხუმი დაეცა.წამყვანების უმრავლესობა 25 წლამდე იქნებოდა,არც ერთი არ იყო აფხაზეთიდან(ნუ,მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა), რომ აფხაზეთი ბავშვობის მოგონებებში მაინც დარჩენოდათ.ასეთივე მჭვუნვარე სახით მოიწვიეს მომღერალი ქალი, რომელმაც აფხაზეთზე სიმღერა შეასრულა...სიმღერით დაკოცნა მიწა,ზღვა თუ პალმა....იქაური სურნელიც არ დაივიწყა...სამაგიეროდ აფხაზი ხალხი არ გახსენებია,არც მას და არც წამყვანებს.ან რა გასახსენებლები იყვნენ, მათ ხომ ჩვენი მიწა-წყალიდან გამოგვყარეს,ბიჭები დაგვიხოცეს და ეხლა ჩვენ ზღვაში რუსებს აჭყუმპალავებენ.ეს დილის გადაცემაც თავის წინამორბედებს გავდა...
     18 წელია ვიხსენებთ პალმებს,ზღვის კენჭებს და სანატორიუმებს,ჯერ რუსებს ვთხოვდით მათ დაბრუნებას,მერე ამერიკას, ბოლოს იმედგადაწურულებმა ღმერთს შევღაღადეთ „ჩემი ზღვა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“ -ო.
     ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი -ყველაფერი გვახსენდება და ყველაფერი გვენანება, აფხაზი ხალხის გარდა.იმ ხალხის გარდა,რომელიც ჩვენსავით წამოეგო უპასუხისმგებლო და ბოროტი მთავრობების პროვოკაციას,რომელმაც თავის საერთო რაოდენობასთან შედარებით არანაკლები ადამიანი დაკარგა ,ვიდრე ჩვენ.არანაკლებად გაუბედურდა.
    მე აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი,არდედეგებს ბებიასთან სამეგრელოში ვატარებდი.
აფხაზეთის ომიც, ჩემთვის აფხაზეთიდან გამოქცეულ ჩემს სახლში თავშეფარებულ ნათესავებთან  და ტელევიზორში ნანახ,თოვლიან უღელტეხილზე ,შვილის გვამთან მოტირალ კაცთან ასოცირდება.
    როგორც ყველა ომში, ამ ომშიც ადამიანის სიცოცხლე იყო  ყველაზე იაფი -აქეთაც და იქითაც.
    სიცოცხლე და ღირსება...
    სამაგიეროდ ძვირად ფასობდა სპილოსძვლის როიალი და „მადონას“ სერვიზი.
    როცა ეს შენგან შორს ,სხვაგან ხდება ადვილია იცინო და იქილიკო,“სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“-ს ამბავში.მაგრამ როცა ხიდს აქეთ დაცემის და დამარცხების დღეს აღნიშნავენ ხიდს იქით კი გამარჯვებისას,როცა ამჩნევ რომ ორივე მხარეს მოტყუებული და დამცირებული ხალხი დგას ქილიკის ხალისი გეკარგება.
    ხალხს რომელსაც ბრძენად მოაქვს თავი და ქრისტესმიმდევრად, არ უნდა უჭირდეს შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა.მაგრამ ფარსია ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ანგარებიანი ერი ვართ,მივხვდით რა სიმდიდრე ვკარგავდით და ამიტომ გადავირიეთ...
     იქ მაცხოვრებელი აფხაზი ხალხი კი არა, ეთნიკურად ქართველები არ გვადარდებდა.სხვების დასანახავად ვითომ ვუვლით და ვეფერებით და თბილ საწოლს ვუშლით,როგორც ობოლ ბავშვს რომელიც „კეთილმა"
ოჯახმა შეიფარა და როცა უცხო თვალი  ვერ ხედავს კარგადაც ტყიპავენ და გომურშიც აძინებენ.
    მე არ მტკივა და არ მენატრება ეს „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“არც თქვენ არ გტკივათ,აფერისტობთ, ისევე როგორც ბავშვობაში სკოლაში არწასვლის გულისთვის ტკივილს იმიზეზებდით.ის ბავშვური უწყინარი ტყუილი იყო ეს კი ფარისევლობაა...შეუძლებელია „ზღვა ,მიწა,მთა,პალმა,კენჭი,ნიჟარა,სანატორიუმი,ფსოუს წყალი,მანდარინი“გიყვარდეს ადამიანის გარეშე...
    სულაც არ ვაპირებდი რამის დაწერას,მაგრამ ამაზრზენია ეს დადგმული ჭმუნვა და გლოვა...პარაკლისები,მსვლელობები  და ხსოვნის საღამოები...ამქვეყნად ადამიანის სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო თორემ იმქვეყნად, იქაურობის გამგებელი მიხედავს.
    ჰოდა კიდევ, პარლამენტის სხდომა რომელიც სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა...“ურაპატრიოტების“მიერ ერთმანეთის ცემა-ტყეპით გაგრძელდა.
    ალბათ აფხაზეთის ტკივილი გაუნელდათ და დოზა დაამატეს....

Thursday, August 18, 2011

ცოცვა ტვინებზე

         ცხოვრების და შემოქმედების გარკვევა ძნელი საქმეა,განსაკუთრებით მაშინ,როცა საზოგადოებას ისტორიის გარდამავალ,კრიზისულ პერიოდებში უწევს ცხოვრება.ამ დროისთვის ძველი გზა დამთავრებულია და ახალიც არ ჩანს.
        შემოქმედ ადამიანს გაუკვალავ გზაზე უწევს სიარული,სადაც წინაღობა და წინააღმდეგობა გაცილებიტ მეტია.მეტია ცდუნებაც,რომ არ გაყვეს ცრუ მეგზურს.
         საზღვარი ორ ეპოქას შორის ოც წელზე მეტია გაივლო,მაგრამ გზის დასასრულთან ყოფნამ დიდხანს მოგვიწია.ჩვენს წინა თაობავ ვერ გაბედა ნაბიჯი გადაედგა გაუკვალავი გზისკენ,როგორც ზაზა ბურჭულაძე ამბობს „დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას,რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩვენ ბაბუებად გვეკუთვნიან.ჩვენი მამები კი...ისინი გასუქდნენ,პარლამენტში დასხდნენ და ვერ მოიცალეს ხელოვნებისთვის.“        თანამედროვე ქართული ხელოვნება ბევრი რამით გავს თანამედროვე ქართულ ყოფას,აქ მრავლად არიან ცრუ მეგზურებს გაყოლილი „პარლამენტარი“მამის შვილები და ცოტა მაგრამ მაინც არიანგაუკვალავ გზაზე დამდგარი „თავზეხელაღებულები“.
       შემოქმედებაც შემოქმედს ჰგავს.შესაბამისად ბევრია მსუყე,ცხიმიანი,თბილ ოთახებში შექმნილი „შედევრები“ და ცოტაა ურჩი შემოქმედება,რომლის მიზანიც ავტორიტეტების გამოწვევაა,რომელსაც სძულს ყოველგვარი „ფსევდო“ ღირებულებები.რომლისთვისაც მამების თაობის პატრიოტიზმი საქილიკო თემაა, რადგან ახსოვთ ჩახუტებით დაწყებული და ერთმანეთის ხოცვით დამთავრებული მიტინგები და „კერასინკა“,პურის რიგი და სანთელი ბავშვობის გამომხატველი სიმბოლური სამებაა.
          „საზოგადოების“მოწონებას მსუყე ლექსებიანი შემოქმედები მეტად იმსახურებენ,ქართველებს უყვართ როცა აქებენ ,მაშინაც კი როცა იციან რომ ეს სრული სიცრუეა.სამაგიეროდ არ უყვართ ნაკლზე მითითება და არც მიმთითებელი ხალხი.ნაკლზე სიმართლის არც მოსმენა და არც წაკითხვა არ სიამოვნებთ,ამიტომ მათში ყველაზე გაბედული მხოლოდ წიგნის სათაურს წაიკითხავს და ავტორს შეაჩვენებს.ავტორთან ბრძოლის ერთადერთ იარაღად კი მის პირად ცხოვრებას აირჩევს,სასწრაფოდ მიაკუთვნებს რომელიმე „უმცირესობას“
         ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,უბრალო ადამიანური კრიტერიუმებით კი საინტერესო გაუკვალავ გზაზე დამდგარი ადამიანის შემოქმედებაა,მასში მეტად იგრძნობა დრო, გარემო,სიახლე.ის არ ქმნის წარსულის სადიდებელ ტრაქტატებს.აწმყოთი ცხოვრობს და აწმყოს აღწერს.
         „საზოგადოების“რეაქციებმა სამწუხაროდ გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მათზე,ისინი ჩაიკეტნენ გარკვეულ სივრცეებში,შემოიკრიბეს ათეულობით თუ ასეულობით თუნდაც ათასეულობით მკითხველი და „საკუთარი მკითხველების სექტით“დაკმაყოფილდნენ.მაშინ როცა უამრავი შესაძლებლობაა მათ წინ.უამრავი პოტენციური მკითხველი ელოდება მათ ამ ჩაკეტილი სივრცეების გარეთ,რომელთაც დაშაქრული პროზის და პოეზიის კი არა ბევრი ეპატაჟის,პერფორმანსის,სიგიჟის, ნამდვილი არტის ხილვა სურთ ,რომ
გონება ათავისუფლდეს წარსულის მავნე გადმონაშთებისგან.
       ეპატაჟის ყველაზე დადებითი ფუნქცია გამოფხიზლებაა.   ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ცოტა ხნის წინათ,როცა საკმაოდ მახვილგონიერმა ქმედებამ შეაჯანჯღარა და გამოაფხიზლა  „მეორე დედაქალაქის“თვითკმაყოფილების ნისლში მთვლემარე ინტელიგენცია და ქვეყნის პირველი პირი .
        ჰოდა,სიგარეტის კვამლით სავსე ლიტერატურულ სალონებში ჯდომას  და წუწუნს რომ მასას მათი არ ესმის,მასაში გასვლა ჯობია.ამ საძულველი მასის სასურველ ინდივიდებად დაშლაც შესაძლებელია.თუ წაუკითხავ რომ:


წყალს ნუ გაატან წუხანდელ სიზმარს,
მიწას ჩაცდება
და ოდესმე ამოახველებს
ეს შეიძლება შიში იყოს,
სინდისის კედლებს ყოველ ღამით
შეშლილივით უკაკუნებდეს
და ერთხელაც 
თვალის ფანჯრებს გადავაბიჯოთ
(გიორგი კეკელიძე)
           დააფიქრებ იმაზეც რომ კეთილშობილური ომი არ არსებობს და სიყვარულს მხოლოდ ერთი რამით გავს:

ომი კეთდება ისე, როგორც სიყვარული. იწყება მგრძნობიარე ზონების გაღიზიანებით და მთავრდება კონვულსიით შესაძლებლობის ზღვარზე- გამაყრუებელ სიჩუმემდე. დიახ დიახ ომი და სიყვარული: 
\"
ვერდაკაცებული მამაკაცების უკანასკნელი არგუმენტი\"
(შოთა გაგარინი)

        და სიყვარული ნაღდი არაა იმ შემთხვევაში როცა-
ერთი პატარა, უწყინარი კუილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიყვარული (სანდრო ნავერიანი)

        ღიმილს კი იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ვანიჭებთ ,რადგან:

„ნ
ებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა
როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე და
ნებისმიერი თვითგადარჩენა
უსასრულო მოძრაობაა საკუთარი თავის გარშემო
(პაატა შამუგია)
    ზოგჯერ კი :

ჩვენ ნაწვიმარი ასფალტის სუნით 
და შეუმდგარი გაზაფხულით - ვიწრო ქუჩებში 
არ დავეძებდით არაფერს და ყველა გამვლელს
საშოვარზე გამოსულს თუ კუჭმტკივან ლოთს
წაქცეულს, მახინჯს, უაზროდ ლამაზს
მოხუც მათხოვარს, ღიპიან მღვდელს თუ 
ბუნებით ვაჭარს - თვალს ვარიდებდით.
 (ლეო ნაფტა)


         თვალებში კი უმეტეს შემთხვევაში ყალბი ტკივილია:
ერთ პოზაში ნაკეთებ თაობ  თვალებში ადვილად ამოიკითხავდით ტკივილს, რომელსაცაფხაზეთიჰქვია და ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ცეკვის დროსაა“ (ერეკლე დეისაძე)

      შემოქმედი ადამიანი მთამსვლელს ჰგავს.ბევრისთვის ძნელია მიხვდეს რა სიამოვნება და მუღამია ,ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად კლდეებზე დღეების განმავლობაში ცოცვის შემდეგ, მთის მწვერვალზე ალმის დარჭობა.მთასვლელისთვის ცხოვრება აზრს კარგავს, როცა აღარ მიცოცავს მთაზე.შემოქმედის ცხოვრებაც უაზრო ხდება როცა ტვინებზე ვეღარ დაცოცავს,ერთი და იგივე ტვინის დაპყრობა კი ერთი და იგივე მთაზე ცოცვასავითაა.მწვერვალამდე მისასვლელი გზები განუსაზღვრელი არაა და ბოლოს მოსაწყენი ხდება.ამიტომ ახალ ტვინებზეა ალმის დარჭობაა საჭირო.
   ტკივილის დავიწყება სულაც არ მსურს, _ ვეპასუხები ჩემდაუნებურად, _ პირიქით, მას ძვირფასი განძივით დავატარებ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ეს ის მასალაა, რომლითაც შეიძლება ჩემი ცხოვრების სახლი ავაგო.
_
რა საჭიროა რაღაც სახლების აგება, თუ ერთხელ შენშიც დაიწყება წვიმა და ყველაფერი ჩაიძირება
(თეონა დოლენჯაშვილი)

    ზოგჯერ ისეც ხდება რომ
„ანგელოზს ცისკენ აფრენა უნდა, მაგრამ ძაფი არ უშვებს”და .,,ამწეს ჯერ კიდევ ვეშაპივით ეჭირა გაკოჭილი ბელადი (ზაზა ბურჭულაძე)
       როგორც უკვე ვთქვი ხელოვნებათმცოდნეებისთვის  შეფასების სხვა კრიტერიუმები არსებობს,მე კი უბრალო მკითხველის კრიტერიუმებით ვაფასებ მათ და  მომწონს.მინდა რომ ამ ქვეყანაში მათ უფრო მეტი ხალხი კითხულობდეს და იგებდეს.ამისთვის კი კომუნიკაციაა საჭირო,კავშირის არ ქონა ცუდია და ზოგჯერ საშინელი შედეგიც აქვს,როგორც ნენეს მოთხრობაშია-

         
`რომეოს ჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება იმიტომ, რომ რომეოს გონია რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია“...

ადამიანოფობია


             ჩვენ "ადამიანოფობია" გვჭირს...
       ...და რომ არ გვინდა ადამინთმოძულეებად გამოვჩნდეთ ნაწილ-ნაწილ ვავლენთ ამ სიძულვილს,ხან უცხო ერის მიმართ, ხან განსხავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ.ხან ვის და ხან ვის მიმართ.
   ერთბაშად გამოვლენის გვეშინია,გვეშინია საკუთარი თავის და საკუთარი სიძულვილის.


    ერთხელაც რომ დავრჩეთ საკუთარ თავთან მარტო,მარტო-სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩვენი სიძულვილის მიზეზს ჩავუფიქრდეთ,მივხვდებით რომ ჩვენი სიძულვილი უსაფუძვლოა.
       საერთოდ განზოგადებული სიძულვილია უსაფუძვლო.შეიძლება ერთმა ადამიანმა მოგვცა მიზეზი გვძულდეს,ან ათმა, ან ასმა , შეიძლება ათასმაც,მაგრამ სრულად მთელი მისი ჯგუფის სიძულვილი მეტი არაფერია თუ არა საკუთარი თავის სიძულვილი და შირმად სხვისი სიძულვილის აფარება.

Tuesday, August 16, 2011

ფარისეველი პატრიოტი და ფარისეველი ლიბერალი


    იქნება ”მშვენიერი” დღე, ოღონდ გარშემო მხოლოდ ორი ფერი იქნება თეთრი და შავი.
    იქნება ხმაური ან მდუმარება აღარავინ ილაპარაკებს სასიამოვნო ხმით,არც იჩურჩულებს.
    იქნება ”ადამიანი” კონკრეტული მოვალეობით და კონკრეტული უფლებებითა.
     მის სახეს მხოლოდ ერთი მიმიკური მოძრაობის უნარი ექნება შერჩენილი- გაბრაზებულის.
     აღარ დაჭირდება დაეჭვებული,დაფიქრებული,გაკვირვებული,მოწყენილი ადამიანის გამოხატვა,რადგან ის არასდროს იქნება დაეჭვებული,არც დაფიქრდება,რა უნდა მოხდეს რომ გაუკვირდეს?!ან რატომ მოიწყინოს?!ღიმილის არქონაც არ შეაწუხებს ,რადგან არაფერში გამოადგება.ექნება უემოციო,თეთრი სახე,შავი თვალები და თმები.იქნება ან ”უჯიშო ლიბერალი” ან ”მორწმუნე პატრიოტი”...
     ეს ჩვენი ყოფის ჩემეული სიურეალისტური ვერსიაა.რეალური ვერსიაშიც მხოლოდ ორი აზრი არსებობს,ერთმანეთის გამომრიცხავი,სიცრუე ან ჭეშმარიტება.ჭეშმარიტება იმ ჯგუფის აზრია რომელსაც მიეკუთვნები ან გინდა რომ მიეკუთვნებოდე.  სიცრუე კი ყველა ის აზრი რაც საპირისპირო ჯგუფს ჭეშმარიტებად მიაჩნია.
         ჩვენ ვაშენებთ ჩვენს გარშემო უამრავ ზღუდეებს,ვავლებთ საზღვრებს .ჩვენს გარშემო ვქმნით ლაბირინთს და ჩვენც ამ ლაბირინთში ვიკარგებით. ვიწესებთ წესებს,ვიკანონებთ კანონებს,თითოეულს მიგვაჩნია რომ უზენაესი ძალის მიერ ”თავის სახედ და ხატად” შექმნილი არსებები ვართ,რომ მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და გვეღირსება მარადიული არსებობა.საპირისპირო ჯგუფში კი ”ამა  სოფლის ხორცმეტნი” არიან,რომელთაც უზენაესმა მხოლოდ ის ფუნქცია მისცა რომ მათთან ბრძოლაში დაიხვეწოს და გამტკიცდეს ჩვენი რწმენა.
       ბანალურად კი ასეა:
        თუ ”უჯიშო ლიბერალი” ხარ -შენ გძულს ის გარემო სადაც ცხოვრობ და ის შენს ”განსაწმენდელად” მიგაჩნია.შენ გძულს შენზე ნაკლებად განათლებული, სამაგიეროდ გყავს ”გურუ”, რომელიც მუდამ ჭეშმარიტებას ღაღადებს.შენთვის ნამდვილი ხელოვნება მხოლოდ შენი სამშობლოსაგან შორს შორეულ დასავლეთში იქმნება.შენთვის ყველა პედოფილი-ჰუმბერტ ჰუმბერტია.ადამიანები კი ,რომელნიც თავიანთი ფალოსის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დღიურს წერენ-მოდერნისტი მწერალები.იგონებ პრობლემებს, კრიბავ თანამოაზრეებს,შემდეგ კი შენ მოგონილ პრობლემებს ებრძვით. შენთვის ღმერთი დამაბრკოლებელი გარემოებაა,რომელიც შენს თავისუფალ სულს წესებს უწესებს და ბორკილებს ადებს.შენ წუხარ იმის გამო რომ შორეულ ირანში ქალები ჰიჯაბით დადიან და ყოველგვარი ხერხებით ებრძვი ახმადინეჯადს ხელი აიღოს ქალების ჩაგვრაზე, მაგრამ საერთოდ არ გაინტერესებს როგორ უმწარებს სიცოცხლეს შენი საშუალო შეძლების და განათლების მქონე მეზობლის ქალს ქმარი.შენ ღამეები არ გძინავს იმაზე დარდით, თუ როგორ  სადისტურად კვებავენ ბატებს საფრანგეთში,იმისთვის რომ შემდეგ მისი ღვიძლისგან გემრიელი პაშტეტი გააკეთონ,სამაგიეროდ არ გიფიქრია ,როგორ იკვებება ან თუ იკვებება შენი არცთუშორეული ნათესავი...
     თუ ” მორწმუნე პატრიოპტი” ხარ-შენ გძულს ის გარემო სადაც შენ არ ცხოვრობ.გგონია რომ ღმერთმა მარტო შენი ქვეყანა შექმნა,დანარჩენი პლანეტა კი სატანის სამფლობელოა.შენ გძულს შენზე განათლებული ხალხი,მითუმეტეს თუ ეს განათლება სამშობლოში კი არა სატანის სამფლობელო ქვეყნებიდან ერთერთში აქვს მიღებული, შენ არ გყავს ”გურუ”,შენ გყავს ”მოძღვარი”შენთვის პედოფილი და ჰომოსექსუალი ერთიდაიგივეა,ნება რომ მოგცენ ყველას ამოხოცავდი..შენ შეგიძლია საჯაროდ კოცონზე დაწვა წიგნიც და ავტორიც, მხოლოდ წიგნის სათაურის გამო ,რადგან წიგნი არ წაგიკითხავს.შეაჩვენო მწერალი რომლის პერსონაჟმაც დედაზე ცუდი გაიფიქრა და საკუთარ დედასთან სიტყვიერი ინცესტი დღეში უამრავჯერ განიცადო. შენ შეგიძლია თან ქართველების სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო დალიო,თან დედა აგინო ქუჩაში შემხვედრ სხვა რასის წარმომადგენელს.შენ შეგიძლია დაუნანებლად გაიღო ფული ტაძრის ასაშენებლად ,რომ მერე ამ ტაძრის კარებთან უსახლკარო ბავშვებმა იმათხოვრონ.შენ შეგიძლია ქალების სადღეგრძელო კრამიტით დალიო და თან შენს ცოლს თავი ქალად არ აგრძნობინო არასოდეს,თუ ქალი ხარ შენ შეგიძლია მესამე ქმარსაც ქალიშვილი ჩაბარდე, რომ თავმოყვარეობა არ შეულახო...
    ორივეს ”უჯიშო ლიბერალსაც” და  ”მორწმუნე პატრიოტსაც” ბევრი  რამე  შეგიძლიათ,რადგან ფარისევლები ხართ...

ჩარჩო


       მას უნდა რომ იყოს თავისუფალი...მაგრამ მან იცის.რომ მისი თავისუფლება და უფლებები იქ მრთავდება,სადაც სხვისი უფლებები იწყება.მან იცის ,რომ ეს ჩარჩოა ,მაგრამ ის ეგუება.ფრთხილად მოძრაობს ,რომ არც თავისი და არც სხვისი ჩარჩო არ დააზიანოს.მისთვის სრულიად საკმარისია ერთი ჩარჩო და ცდილობს თავი აარიდოს ყველა სხვას,რაც არ უნდა ძვირფასი და მომხიბლელი ჩარჩო იყოს.ჩარჩო ბევრია,სახელებიც მრავალფეროვანი და ზოგჯერ სასაცილოც: ”პატრიოტი” ”დემოკრატი” ”მრევლი” ”ინტელექტუალი სნობი” ”თბილიოსელი” ”პროვინციელი” ”ედიკას კაცი” ”ლიბერალი” ”დევნილი” ”ძველი მხედრიონელი” ”ოჯახი” ”ქართველი მანდილოსანი” ”წითელი ინტელიგენცია” ”პოზიცია” ”ჩოხოსანი”  ”ელიტა” ”სოციალურად დაუცველი” ”სამშობლოს გამყიდველი” ”ვაკელი” ”ნაცი” ”უცხოეთში განათლება მიღებული” ”ზვიადისტი” ”სოროსელი” და ასე შემდეგ უამრავი...
        დროის და გარემოებების ცვლილებასთან ერთად ამ ჩარჩოებს სახელებიც ეცვლებოდათ.იყო დრო როცა არსებობდა ჩარჩო ”თემი”,ადამიანი დაბადებიდანვე ამ ჩარჩოს წევრი ხდებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ ჩარჩოს გარეთაც შეიძლებოდა არსებობა.გარკვეულ დროს არსებობდა ჩარჩო სახელად ”კოლექტივი ” ამ ჩარჩოში მოქცეულებს ბევრი შრომა უწევდათ,მაგრამ იმისდა მიუხედავად ვინ რამდენს შრომობდა ,შრომის ნაყოფს ყველა თანაბრად ინაწილებდა.ამ ჩარჩოს მობინადრენი აკონტროლებდნენ ერთმანეთის ჩარჩოებსაც - აპატარავებდნენ და ადიდებდნენ ჩარჩოს მეპატრონის სურვილის საწინააღმდეგოდ.  ...კიდევ,ამ ჩარჩოში მოქცეულნი მრავლდებოდნენ ,თუმცა ამტკიცებდნენ,რომ გამრავლებისათვის საჭირო საქმეს არ აკეთებდნენ. მერე ეს ჩარჩო დაზიანდა,მის შიგნით სხვა საშუალო ზომის ჩარჩოების მოძრაობას ვერ გაუძლო და დაიშალა.ზოგმა ჩარჩოს დამტვრევამდე შეძლო თავი სხვა ჩარჩოსთვის  შეეფარებინა,ზოგი კი დაშლის შემდეგ გაურიგდა ახლობელს თუ მეზობელი ჩარჩოს და პატარ-პატარა ჩარჩოების გაერთიანებები შექმნეს და პარტიები უწოდეს.ხდება რომ ერთმანეთის ჩარჩოებიდან იბირებენ ხალხს,ზოგს ფულით,ზოგს შიშით,ზოგჯერ თავისი დიდი ჩარჩოდანაც აძევებენ ხალხს, ოღონდ ისე რომ თავის პატარა უფლებების ჩარჩოსაც უმტვრევენ.
          მან იცის ყოველივე ეს და ერიდება დიდ ჩარჩოებს.თავისი ჩარჩოც ყოფნის.უჭირს ცხოვრება,რადგან დიდი ჩარჩოების მობინადრენი ამრეზით უყურებენ,გონიათ მან ვერცერთ ჩარჩოში ვერ შეაღწია და ამიტომაცაა ასეთი მარტოსული.დადის მარტო.დააქვს თავისი ჩარჩო,ხშირად ბრძოლა უწევს...მაგრამ არ უნდა დიდ ჩარჩოში ცხოვრება,რადგან იცის რომ იქ სივიწროვეა,ადამიანებს კი ,იქ რომ დაეტიონ ერთმანეთის ჩარჩოების დაპატარავება და ზოგჯერ დამტვრევაც უწევთ... 

წრე VS ზიმბაბვე


         

 
   როცა ეს დავწერე იანვარი იყო, ციოდა და ალბათ ამინდის გამო დეპრესიაც მქონდა,ჰოდა მინდოდა ზიმბაბვეში.მერე ზიმბაბვეში ნამყოფმა ფბ ფრენდმა მუგაბეთი შემაშინა და გადავიფიქრე.
    ჰოდა ვისაც აინტერესებს რა მინდოდა იანვარში voilà 
     
   

     სხვაგან მინდა წასვლა!ოღონდ ამ გზას მოვშორდე და თუ გინდა ზიმბაბვეში წავალ...საერთოდ ასე ამბობენ,რამე შორეულ და უცხო ქვეყანას ასახელებენ ხოლმე,თორემ ან ზიმბაბვეში ვინ მეპატიჟება...ან რას ვერჩი ზიმბაბვეს,ალბათ მშვენიერი ველური ბუნება და ამ ბუნებაში თავის ნებაზე გაზრდილი ხალხი ცხოვრობს.სხვა თუ არაფერი საინტერესო იქნება,ჩემს სავალ გზას-ამ წრეს აჯობებს მაინც...ხო, მე წრეზე ვმოძრაობ...არა,დედამიწის სიმრგვალე არაფერ შუაშია,ჩემი წრე დროსა და სივრცეში ძალიან შეზღუდულია...დრო ხელფასიდან ხელფასამდე,სივრცე კი თბილისით განისაზღვრება.
          ჰოდა,დავდივარ ამ წრეზე გარშემო ხედი სეზონის მიხედვით იცვლება,ხან ხანგრძლივწვიმებიანი გაზაფხულია,ხან მტვრიანსიცხიანი ზაფხული,ხან ნეშომპალისსუნიანი შემოდგომა და ხან კიდევ ტალახიანი, ნაცრისფერთოვლიანი ზამთარი.შემხვედრი ხალხიც იცვლება,აი მაგალითად ის წითელთმიანი ქალი სამარშუტო ტაქსის მძღოლს ჟესტების ენით რომ ეხვეწებოდა”ოღონდ გამიჩერე და რამენაირად ფეხზე დავდგებიო” ეხლა საკუთარი მანქანით მხვდება...ე.ი კარიერაში ან პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა... ან თუნდაც ის გოგო და ბიჭი შეყვარებულებისთვის არაბუნებრივად შორიშორს რომ მოჰყვებოდნენ ერთმანეთს,ეხლა ბავშვით მხვდებიან,ახლაც არ მოდიან გვერდიგვერდ,მაგრამ განსხვავება ისაა რომ ის უხერხული ბიჭის იერი ”ჯიგიტის”იერით შეიცვალა.უხერხული გოგოსი კი ”კდემამოსილი,ოჯახისთვის თავდადებული ქალის”იერით...ზოგი საერთოდ აღარ მხვდება გზაში...ან საქართველოს საზღვრებს გაცდა და წავიდა,ან სააქაოსი და ”გავიდა გაღმა”.
          რა საშინლად ნაცნობია ყველაფერი ამ გზაზე:ხე,ბუჩქი,საკანალიზაციო ჭა,მემორიალური დაფები სახლების კედლებზე თუ ფარდა შემხვედრი სახლის ფანჯარაში.არ მახსოვს ვინმემ დამაძალა ამ წრეზე სიარული თუ ჩემით გავბრიყვდი.ის კი მახსოვს რომ გზაჯვარედინზე არ ვმდგარვარ,არ შემხვედრია გზაჯვარედინზე დადებული ქვა ,რომელსაც როგორც ზღაპრებში ეწერებოდა თითოეული გზის საბოლოო დანიშნულების წერტილი.თუნდაც ასეთი”მარცხნივ წახვალ მოკვდები”, ”მარჯვნივ წახვალ გარდაიცვლები” ”პირდაპირ წახვალ დაიღუპები”...თუნდაც სასურველი სიკვდილის არჩევანით.ალბათ პირველი ეს გზა შემხვდა...ხრიოკი და წრიული ..და დაიწყო,ახალ გზაზე გადასვლის იმედით პირველ რამდენიმე წრეს არაუშავდა,ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი...ეხლა კი ,მოჯადოებულივით მივყვები ისევ ამ წრეს,არა რა მოჯადოებულივით?!ჯადოების ხომ არ მჯერა!უბრალოდ სიზარმაცის გამო შეჩვეული ჭირის მიტოვებას და შეუჩვეველი ლხინის მოძებნას ვერ ვახერხებ.გამოსავალი ერთია -ქარიშხალი უნდა ამოვარდეს,გზა დამებნეს და იქნებ სხვა გზაზე აღმოვჩნდე,ან დიდი ბრაზიანი ძაღლი გამომეკიდოს შეშინებულმა მაინც გადავუხვიო ამ წრიდან.არა რა...გამოსავლის ძებნაშიც რა ზარმაცი ვარ,აქაც სხვის იმედზე ვარ...მაგრამ რადგან ამდენს ვხვდები იქნებ ვიპოვე უკვე გამოსავალი...

     





    ვყიდი ჩემს წილ სამშობლოს შეღავათიან ფასად ან ვცვლი ჩემ წილ ”სალ კლდეებს” სხვა ქვეყნის სამოთხეზე.
                                                                                                       
      არ  დამიწყოთ,შეგონებანი:”მკრეხელობაა!!!””ღმერთის საწყენს ნუ ამბობ!””რა უფლებით?!” მე ჩემ წილს ვყიდი თქვენსას  არ ვეხები,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ რაც გაქვთ.
     რატომ ვყიდი?!
     აღარ მინდა!
     ჩემთვის აზრი არც არავის უკითხავს,დაბადებიდანვე შემომაჩეჩეს...მითხრეს ძვირფასია და თვალისჩინივით გაუფრთხილდიო...
     რატომაა ძვირფასი?რაში მჭირდება?-ეთქვა მაინც ვინმეს...
     მერე სკოლაში ლექსებს მასწავლიდნენ,თურმე ამ ჩემ სამშობლოს ცა ფირუზის ჰქონია,ხმელეთი ზურმუხტის,თურმე ასეთი მხარე მეორე არ ყოფილა,თურმე უხსოვარი დროიდან ცხვირპირს ამტვრევდნენ ერთმანეთს ამ ”ფირუზ-ზურმუხტისთვის”ათასნაირი ჯიშის და ჯილაგის ხალხი...
      გესმით?თქვენ კიდევ ფასის დაკლებაზე მელაპარაკებით.ეს მე აღარ მინდა ,თორემ თქვენ უამრავ რამეში გამოიყენებთ.გინდათ უფრო წვრილ ნაწილებად დაშალეთ და გაყიდეთ,გინდათ  სხვისი წილებიც იყიდეთ და მერე სარფიანად გაყიდეთ,ადრეც ხომ ვაჭრობდნენ ასე,ხომ გაყიდეს ასე აფხაზეთი...ეხლა კი წუწუნებთ,მაგრამ ვისი რა ბრალია მყიდველმა თუ მოატყუათ და იაფად იყიდეს.ეხლა კი იძახიან გვტკივაო..კარგით რა!გაყიდული ნივთის ტკივილი არ გამიგია...ვიცი არც მათ,მაგრამ ხომ არ იტყვიან ბოღმა გვახრჩობს ,რომ დაგვაშტერესო.არც ნივთის ტკივილი და არც პალმის და ზღვის კენჭების სიყვარულის არ მწამს,სიყვარული ადამიანის ვიცი მე.იმათ კიდევ იქიდან რომ გამოიქცნენ ის ადამინები არ უყვარდათ,აბა რას დაარბენინებენ 20წელია წინ და უკან?!არც იმათ უყვარდათ აფხაზები...
       რატომ?როგორ?და ასეთ რაღაცეებს ნუ მკითხავთ,არ უყვარდათ და მორჩა...
       მაინც და მაინც ეხლა რატომ ვყიდი?აბა როდის გამეყიდა,კუპონობის დროს პატარა ვიყავი.მერე არ მეცალა-ვსწავლობდი, მერე ვცდილობდი რამეში გამომეყენებინა,ეხლა ამბობენ ფასმა მოიმატაო და...
       რა გინდა ლამაზი ნივთია,მთლად ზურმუხტი არაა ,ვერ მოგატყუებ, მაგრამ არც მთლად უბრალოა...თან იცი რა სასაცილო  და საოცარი ამბები ხდება?!გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბევრი ხალხი იკრიბება,ხმამაღლა გაჰყვირიან რაღაცეებს,მღერიან ”თავისუფლება ლომთა ხვედრიაო”,მერე აიღებენ ფულს და წავლენ სახლებში.
       კიდევ...კიდევ პენსიაც 70 ლარია და ბარში საშუალო კოქტეილის ფასიც.
       აქ ამბობენ რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს,მაგრამ ტყუიან,აქ ფულიანი სტუმრები უყვართ,ალბათ ამიტომ გააჩერეს ებრაელები 2600წელი და ”ვერ ელევიან”სომხებს.თორემ აფრიკიდან ჩამოსული ხალხის დანახვაზე შეშინებულები პირჯვარსაც იწერენ და განადგურებულ ქართულ გენს წინასწარ დასტირიან.
      კიდევ?კიდევ დედები შვილებს ცემაში ხდიან სულს, პრემიერმინისტრი უხარისხო გაზქურის მსხვერპლი ხდება,ოქროთი მორთულ წვერიან კაცებს ღმერთი ქვის კედლებში ყავთ გამომწყვდეული და ამასხარავებენ...
     
    მეტი რაღა გითხრა,თუ მყიდველი ხარ იყიდე, თუ არა და გაიარე ,სამასხარაოდ არ მცალია...

”სხვა”

       ამბობენ ფიქრი აკეთილშობილებსო და ამის წინათ ერთ საკითხზე  დავფიქრდი.ეს არც ”ჭიქაში ქარიშხალია”და არც ”ბუზის აქლემად ქცევას”ვაპირებ.მაინტერესებს ვინ ან რა არის ის-ვისაც ჩვენს ცხოვრებაში ანგარიშს ვუწევთ.თავი დავანებოთ ღმერთს,სინდისს და შუბლის ძარღვს.
       ”რას იტყვის ხალხი?!”-ამ წინადადებაში ”ხალხის” რაობა და შინაარსია საინტერესო.ვინაა ეს ხალხი?მართლა აინტერესებს ჩემი ცხოვრება?ან უნდა აინტერესებდეს კი?არ ვიცი ფილოსოფიაში ფრიად განსწავლული ხალხი რას იფიქრებს,მაგრამ ჩემთვის ყველაზე გასაგები ფილოსოფოს ზურაბ კაკაბაძის მსჯელობა გამოდგა ამის შესახებ.თურმე,ის ვისაც ჩვენ ყველაფერს ვეკითხებით,ვინც ჩვენს საქმეში ცხვირს ყოფს და ვისიც გვეშინია, რომ ჩვენზე ცუდი არ თქვას არის ”სხვა”
         ”ანონიმური ”სხვა”-უმრავლესობას შორის გავრცელებული ტენდენციებისა და შესატყვისი ქცევების უკან მდგომი უცნობი და უსახელო სუბიექტი.ის ვისაც თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების მოქალაქეები მეტწილად თავიანთი ცხოვრების მართვა-გამგებლობას ანდობენ.ამ საზოგადოების თავისებური დიქტატორი...ეს ”სხვა” უმრავლესობის თითოეული წევრისათვის ხელმისაწვდომი და მაშასადამე საშუალო შესაძლებლობების გამომხატველია.ის ყოველივე საშუალოს აყვავებას და ყოველივე განსაკუთრებულის,გამორჩეულის,უპირატესის,აღმატებულის ჩახშობას და დათრგუნვას მოასწავებს.მტკიცედ დგას საშუალო დონის დაცვის სადარაჯოზე...”სხვის”დიქტატურა კი ხალხის მასად ქცევას,ამგვარად საზოგადოების გამასობრივებას მოასწავებს” კარლ იასპერის აზრით კი მასა პროპაგანდის და ჩაგონების საგანია,უპასუხისმგებლოა და ჩაგონების უმდაბლეს დონეზე იმყოფება,შესაბამისად ადვილი სამართავია...
        როგორც ყველაფერს საქართველოში, ამ ”სხვასაც” თავგზა აებნია და მოთხოვნებიც თავგზაარეული უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთსაპირისპირო აქვს,დღესასწაულების არ იყოს,ეს” საზოგადოების დიქტატორიც” ბევრნაირი გვყავს...მე რაც გამახსენდა ჩამოვწერე,რაც დამავიწყდა არ დაიზაროთ და დამეხმარეთ.ესე იგი ”სხვა ”გვეუბნება რომ: მწეველები კვდებიან ადრე”,”არცოდნა არცოდვაა”,”რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ” ”ჩინელებმა ჭამა დაიწყეს””მე ქართულ არხებს არ ვუყურებ”,”ქაჯები მოდიან””ბათუმი ნიცას ჯობია” ”რბილი ლ კლავს”,”აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”,”თბილისში გლამურული საღამოებია”,”ქართლის დედა ქართველი ქალის სიმბოლოა”,”ამაოებას არ ამოება”,”სახელმწიფო არ ჩამოიშალა”,”ქართველნო ერთად ღვთისაკენ”,”მე ლიბერელი ვარ”,”მიშა მაგარია”,”ენა ,ტურიზმი, სარწმუნოება”....

Monday, August 8, 2011

რვა

      დღეს წელიწადის მერვე თვეა ,რიცხვი რვა.სამი წლის წინ კი ჩვენი წელთაღრიცხვით ორიათას მერვე წელი იყო და თარიღიც ლამაზად იწერებოდა,ისევე როგორც წლევანდელი  თერთმეტი ნოემბერი დაიწერება.ნამდვილად არსებობენ ადამიანები,რომლებიც ასეთ რაღაცეებს ყურადღებას აქცევენ და ასეთი დღეების განსაკუთრებულობის სჯერათ.სწორედ ამიტომ გახდა 08.08.08 მნიშვნელოვანი თარიღი საქართველო რუსეთის ომის აღსანიშნავად,თორემ არც ამ დღეს დაწყებულა ომი და არც დასრულებულა.
      ციფრებმა და რიცხვებმა კი საერთოდ აზრი დაკარგეს მათთვის, ვინც ამ ომს შეეწირა.მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს რა რიცხვით განმოისახება საქართველოს ამჟამინდელი ფართობი ,რამდენი წელია, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია,რამდენი დღე გავიდა მათი დაღუპვიდან... მორჩა...
     შურს ვერ დაარქმევ იმ გრძნობას, რაც მათი ახლობლების მიმართ გამაჩნია,გაკვირვება,გაოცება ან თუნდაც გაოგნება, მაგრამ არა შური.არ მშურს, მათი ვისაც სამშობლო შვილზე,მამაზე,ძმაზე,შეყვარებულზე  მეტად უყვარს.
     შეიძლება ეს უბრალოდ სასოწარკვეთილი ადამიანის უკანასკნელ იმედია, რომ ამხელა მსხვერპლს გამართლება მოუძებნოს, ან მართლაც სამშობლოს უანგარო და უმიზეზო სიყვარული.
    მაგრამ მე არ მშურს მათი,მაგრამ აღრფთოვანებული ვარ...
    აღფრთოვანებული ვარ რომ მათ არჩევანის,თუნდაც იძულებითის, გაკეთება შეუძლიათ საყვარელ ადამიანს და სამშობლოს შორის...
      საზარელი  ყველაფერი რაც მსხვერპლად ადამიანის სიცოცხლეს მოითხოვს...მე არ მინდა  ლურჯი ზღვით და საუცხოო ბუნებით სიამოვნება ამის ფასად... არც ისტორიული ტაძრები მიღირს ვინმეს სიცოცხლედ...არც საკუთარი სახლი.
     მძულს ომი და ხალხი, ვისთვისაც ომი პრობლემის მოგვარების ყველაზე სწრაფი და  შედეგიანი საშუალებაა...
    მჯერ(ოდ)ა რომ ამ სამყაროს შექმის მიზეზი რაღაც უფრო კეთილშობილური იყო...
   

Friday, August 5, 2011

შურიანი

        მე შურიანი ვარ.
       მშურს ბევრი რამე...თეთრი, შავი ,ვარდისფერი თუ მწვანე შურით.თითქმის ყველანაირი შური განმიცდია.
      ყველაზე მეტად იმ ხალხის მშურს ვისაც თავისი ფინანსური ცხოვრება მოგვარებული აქვს,მერე მათი ვინც თავისი პირადულის მოგვარება შეძლო.ყველაზე ნაკლებად კი, მათი მშურს ვინც წარმატებით გაართვა თავი სულიერი პრობლემების მოგვარებას,.ამას ავად თუ კარგად მეც ვახერხებ.
       შავი ფერის შურით რომ არ დავტვირთო პოსტი,ერთ თეთრ შურზე მოგიყვებით:
       მშურს ხალხის (ოღონდ თეთრი შურით),ვინც თავისი დროის სწორად ორგანიზებას ახერხებს,ვისაც საკმარისად სძინავს.ვისაც შეუძლია წუთების მიხედვით დაგეგმოს დღე.ადრე დაიძინოს, ადრე ადგეს,არსად დააგვიანდეს,
ცხოვრებაში თითზე(საკმარისია ხელის თითები) ჩამოსათვლელი მაქვს ისეთი მომენტები როცა არ მაგვიანდება.არა,უპასუხიმგებლო არ ვარ. უბრალოდ დრო მეხუმრება ცუდად და როცა მჭირდება, რომ დამელოდოს, მაშინ გარბის.აი ასეა...ჰოდა მშურს...

Thursday, August 4, 2011

ნაბახუსევი თბილისი,თბილი ლუდი და გინება Vis-à-vis

       "ნაბახუსევ თბილისს გაუმარჯოს,ძმაო"-ეფიცებოდნენ სიყვარულს რადიოწამყვანი და მსმენელი.დილით სახლიდან რომ დაღრეჯილი გამოხვალ,სიცოცხლე რომ გძულს .... ცოტა ხანში კი  შუბლგახსნილი და ბედნიერი,ყველას მოყვარული რომ გამოდიხარ რესტორნიდან, აი ისეთს.
გულწრფელად შეღაღადებდნენ ამ სიტყვებს ერთმანეთს და სჯეროდათ  რომ, ეს იყო სრული ბედნიერება თუ არა ბედნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი.
   ეს ამბავი დილით მოხდა,"მარშუტკაში".შეიძლება ვიღაცას ამ სიტყვების გაგონებაზე კანზე დაბურძგლა და სულში ქართული სიამაყე ჩაეღვარა და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მე  შემრცხვა და ნერვები ამეშალა..ნერვების სისუსტე ალბათ სიცხის ბრალია,გაუსაძლისი სიცხეებია წელს საქართველოში.
     ისე გუშინ საღამოსაც ამეშალა ნერვები და ადამიანის ცემის სურვილი გამიჩნდა.მეზობელ ქუჩაზე ქვაფენილს აგებენ და გადაკეტილია ამკრძალავი ლენტით . მანქანით ჩემ ქუჩაზე რომ მოხვდე  სულ რაღაც ზედმეტი 3წუთის შემოვლითი გზით უნდა ისარგებლო.სულ რაღაც 3წუთი...
    ჰოდა,მოდის ჯიგარი ქართველი ვაჟკაცი,რათქმა უნდა ჯიპით და ჯიპში რადიო,რადიოში დარდიმანდული ცხოვრების მოყვარული უდარდელი წამყვანი.შეხვდა  ქუჩის დასაწყისში გაბმული პირველი ლენტი...გაგლიჯა...გააგრძელა გზა...გადაუარა ხელოსნების მიერ მეორე დღისთვის გამზადებულ ხარაჩოებს...გადაანგრია...ავიდა ქუჩის ბოლოს...დახვდა ქუჩის ბოლოს გაბმული მეორე ლენტი...გაგლიჯა...ამოვიდა ქუჩაზე და გააგრძელა გზა...ვითომც აქ არაფერი....
     მერე ალბათ მივიდა სახლში თვალი შეავლო ტელევიზორში ენრიკეს და თამუნას... შეიგინა...ჩათვალა რომ თამუნას პატრონი არ ჰყავს....პულტი წაართვა თინეიჯერ შვილს ,რომელიც ბედნიერი უყურებდა ენრიკეს და გულწრფელად შურდა თამუნასი...გადართო თავის საყვარელ არხზე სადაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადიოდა...მთავარი გმირი ამერიკაში იმიგრირებული იტალიელი იყო,მოწონდა მისი დაუნდობელი ხასიათი და "სიმართლისთვის"ბრძოლა.მერე რა რომ ფილმის გმირი კრიმინალი იყო და თვითონ კი "ორგანოში"მუშაობდა,ვაჟკაცი ყველგან ვაჟკაცია. პრეზიდენტიც მოწონდა,განსაკუთრებით მაშინ როცა ქვეყნის მოღალატეებს ლანძღავდა...ნანობდა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა რომ გაუქმდა.ქვეყნის მოღალატეებს მონანიების უფლება და დრო არ უნდა ქონოდათ.
   მერე ცოლი ლუდზე ჩააგზავნა მარკეტში.ლუდი არასაკმარისად ცივი აღმოჩნდა შესაბამისად უგემურიც .აგინა ლუდს გადატანითი მნიშვნელობით ,გამყიდველს შორიდან და ცოლს Vis-à-vis ...მერე...მერე აღარ ვიცი და არც მაინტერესებს,თორემ ნერვები ამეშლება...ნერვების სისუსტე ალბათ სიცხის ბრალია,გაუსაძლისი სიცხეებია წელს საქართველოში...